logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდნენ
- +

29 ივნისი. 2023. 15:31

 

 

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ქ. სოესტენბერგში, ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდა; მხარეებს შორის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა; შემდეგ კი, მუზეუმის თანამშრომლებმა, ქართველ სტუმრებს, მუდმივმოქმედი და დროებითი ექსპოზიცია დაათვალიერებინეს; ისაუბრეს მუზეუმის შექმნისა და დაარსების ისტორიასა და მისი არსებობის მნიშვნელობაზე.

 

სოესტენბერგის ეროვნული სამხედრო მუზეუმი 2014 წელს დაარსდა და ასახავს ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების ისტორიას; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიდერლანდების სამეფო არმიასა და ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებს; მუზეუმი მდებარეობს სოესტენბერგის ყოფილი საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე და ნიდერლანდების უდიდეს სამხედრო კოლექციას მოიცავს მასში წარმოდგენილი 300 000-ზე მეტი არტეფაქტით.

 

„სახელმწიფოს მხრიდან არის გამოხატული პოლიტიკური ნება, რათა საქართველოშიც დაარსდეს სამხედრო მუზეუმი. მისი შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია; ჩვენთვის ფასეულია თქვენი ხედვა და მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში“, - განუცხადა მასპინძლებს კობა კობალაძემ.

 

მუზეუმის მესვეურებმა, ქართულ მხარეს, საქართველოში, სამხედრო მუზეუმის შექმნაში დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, გეგმავენ სამხედრო თემაზე საერთაშორისო ფოტო-გამოფენის გამართვას, რომელშიც, ერთ-ერთ მონაწილედ, საქართველო იქნება მიწვეული.

 

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები - გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

 

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner