საქართველოს თავდაცვის ძალები 30 ივნისს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების თავდადების მიმართ და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერის პოლიტიკაზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და მუდმივად ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გაუმჯობესებაზე. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაჭრილი მებრძოლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების თანადგომის მნიშვნელობა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ მებრძოლთა ღონისძიებების კვირეული მშვილდის სროლასა და ველორბოლაში საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 11 ინდივიდუალური და 2 გუნდური სპორტული შეჯიბრება. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.