სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულებად სერტიფიცირება ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელა.
ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის და ავიასაწარმოების სერტიფიცირების პროცესის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის შესაბამისად, რომელიც უწყებამ ევროკავშირის N2015/340 რეგულაციის მიხედვით 2021 წელს მიიღო, შპს „საქაერონავიგაციაზე“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი გაიცა. ორგანიზაციას სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ დასკვნით შეხვედრაზე გადაეცა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი უფლებას ანიჭებს „საქაერონავიგაციას“ განახორციელოს ავიამეთვალყურეთა სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადება და კვალიფიკაციის შენარჩუნების/აღდგენის სწავლებები. სასწავლო დაწესებულების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირება გაზრდის საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოებას ქვეყანაში და გააუმჯობესებს ავიამეთვალყურეთა სწავლების ხარისხს და პირობებს.
ამასთან, წარმატებული სერტიფიცირება ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირის სახელმწიფოებთან საჰაერო მოძრაობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
„სააგენტო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული სტანდარტების დანერგვას სააერნაოსნო მომსახურების სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ არაერთი წესი ამ მიმართულებით, განვახორციელეთ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება და ვაგრძელებთ მის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას, დავიწყეთ ავიამეთვალყურეთა მოწმობების გაცემა ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე პროცესის ნაწილია საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ მიერ გაწეული საქმიანობა ხელს უწყობს ფრენების უსაფრთხოების, საქართველოს საჰაერო სივრცეში სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხის და ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას,“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა საქაერონავიგაციის წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე.
სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის სპეციალისტების და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ, სერტიფიცირების პროცესი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას, ისე ადგილზე ინსპექტირებას.
სააგენტოს მოწვევით, შემოწმების პროცესს ადგილზე აკვირდებოდა EUROCONTROL-ის ექსპერტი, რომელმაც დადებითად შეაფასა შესაბამისი ევროპული რეგულაციის დანერგვის პროგრესი და სერტიფიცირების მიმდინარეობა.