საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" „თავისუფალ დემოკრატებთან" და ზოგადად ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიას გუნდი ძალიან ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ორივე პარტია ერთ პიროვნებაზეა მორგებული.
„თავისუფალი დემოკრატები" ზოგადად რომ დავახასიათო, აჩვენეს საკუთარი სახე არცთუ ისე კარგად. „თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ კოალიციის წევრები, გახსოვთ, როგორ გადადგნენ და განაცხადეს, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა „ქართულმა ოცნებამ" და ამიტომ ვტოვებთო. რამდენიმე კვირის შემდეგ ლამის ბოდიშების მოხდა მოუწიათ, რომ თურმე ეს არ ჰქონიათ მხედველობაში. მათი ლიდერის, ალასანიას განცხადებები, სრულიად უსაფუძვლოა, ის, რომ მოსამართლეზე ხდება ზეწოლა ივანიშვილისგან, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებული, ექსპერტი მოიტაცეს, რომელიც რამდენიმე დღეში ჩნდება და არავის გაუტაცია. „თავისუფალმა დემოკრატებმა" დიდი აჟოტაჟი და უამრავი სიცრუე დაატრიალეს. ხშირად ალასანიას რიტორიკა ბოკერიასთან მოდის თანხვედრაში. სიცრუის ლაპარაკზე ალასანიას ბოდიშიც არ მოუხდა. „დემოკრატების" გუნდის სხვა წევრები, რომლებიც ცდილობენ სახის შენარჩუნებას და მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილის პატიმარი არავინ არ არსებობს, არც ჩემი პირადი ინტერესი მსგავს საკითხებში, მიყვებიან ლიდერის დინებას. ისინი არიან ერთ კაცზე მორგებულნი და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი უფრო დიდი ცხვირწინ გვყავს და ვუყურებდით 9 წლის განმავლობაში.
მინდა, ალასანიასაც, მის გუნდსაც და სხვა პოლიტიკოსებსაც მივანიშნო, რომ ასეთი გუნდი არ სჭირდება სახელმწიფოს. გუნდისთვის, რომელიც მოვა, მისი ნათესავი და ახლობელი უნდა იყოს მთელი საქართველოს საზოგადოება და არა პატარა ჯგუფი.
ჩვენ ვნახეთ ჯგუფური მმართველობა და შედეგი ძალიან კარგად ვიწვნიეთ. სააკაშვილი და მასი გუნდის წევრები ამუშავებდნენ მთელ ქვეყანას. ხალხს კი არ ემსახურებოდნენ, მთელ ქვეყანას ამუშავებდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის",- განაცხადა ივანიშვილმა.