„მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით არის დაუზუსტებელი და მცდარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართლაც იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან მიმართებში, თუმცა, ეს არ გულისხმობს დეპარტამენტის გაუქმებას, არამედ მიმართულია მის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ფუნქციურად მეტი დატვირთვისკენ.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმის პროცესი ემყარება ერთი მხრივ, შექმნილი ობიექტური მოცემულობის შეფასებასა და ანალიზს და მეორე მხრივ, NATO-ს ოფისის, საერთაშორისო ექსპერტებისა და მრჩევლების რეკომენდაციებს, ოპტიმიზაციისა და რაციონალური ერთიანი პოლიტიკის წარმოების კუთხით.
კერძოდ, დღეს არსებული სიტუაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს დუბლირებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამოცანების მქონე დეპარტამენტები, შესაბამისად, გაბერილი შტატებით. ადგილი აქვს ფუნქციების იდენტურობასა და ურთიერთგადაფარვას. საგულისხმოა, რომ შტატების სიმრავლე არ არის გამოწვეული შესასრულებელი ამოცანების სიმრავლით. პირიქით, დეპარტამენტების დატვირთვა მინიმალურია და შესაბამისად, მათი საქმიანობაც ნაკლებად ეფექტიანი. რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აქტიურ კონსულტაციებს უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფი CUBIC, დიდი ბრიტანეთის მრჩევლები; ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა ნატოს ოფისთან და არსებითი პაკეტის წარმომადგენლებთან. მათ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და შიდა კოორდინაციის მექანიზმების ინტეგრირების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროში მოვლინებული დიდი ბრიტანეთის მრჩევლებიდან ერთ-ერთი, უშუალოდ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს უწევს სარეკომენდაციო მომსახურებას.
სწორედ NATO-ს ოფისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში სამინისტროს ბრიტანელი მრჩევლის რეკომენდაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის სახეცვლილების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ კოორდინირებული საქმიანობა და ერთიანი პოლიტიკა, რაც გაზრდის როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობების ეფექტიანობას.