logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის სტიქიის დროს და იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის გვაქვს თქვენი მხრიდან
- +

30 ივნისი. 2023. 22:25

"პირველ რიგში, ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ყველა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას და უწყებას, კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტიქიასთან ბრძოლაში და მისი შედეგების აღმოფხვრაში, "- ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, პრემიერის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის საკოორდინაციო შტაბის მოქმედება იყო ეფექტიანი და შედეგიანი და სტიქიასთან გამკლავება ყველამ ერთად შეძლო.

თუმცა, მიუხედავად ასეთი რთული სტიქიური პერიოდისა, წელს კახეთში დიდ მოსავალს ველოდებით. განსაკუთრებული აქტივობები ფიქსირდება აზერბაიჯანთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და საავტომობილო ნაკადების თვალსაზრისითაც. ხშირია შემთხვევები, რომ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს როგორც სავაჭრო, ასევე ტურისტული ნაკადების მოძრაობას. ხანდახან კრიტიკული მოსაზრებებიც მხვდება მოსახლეობის, ფერმერებისა თუ მეწარმეების მხრიდან. მინდა დავარწმუნო ყველა და დავადასტურო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაპირება, რომ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის ჩქაროსნული ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდება, მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა მოსახლეობა. რუკაზე დაუხედავადაც შეიძლება ითქვას, რომ საგზაო, ურბანული, სასოფლო, აგრარული, ასევე თანამდევი ინფრასტრუქტურის ასეთი ტიპის განვითარება უფრო მობილურს გახდის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებას და მოსავლის დაბინავებისა თუ მისი რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას მიცემს მოსახლეობასა და ფერმერებს. საიდან გაჩნდა ეს საფუძველი? რასაკვირველია, სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარებით. რეფორმების, რომელიც მეტწილად სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მთავრობისგან მორიგი მოხსენება DCFTA-ს შესრულების მიმდინარეობის თაობაზე წარმოდგენილია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები ზედმიწევნით ზუსტად და შესაბამისი ვადების მიხედვით ასრულებენ ყველა გაცემულ პირობას. აქ რამდენიმე ოპოზიციონერისგან კრიტიკა მოვისმინეთ. სამწუხაროდ, კვლავ არასაგნობრივი. ისევ საფუძველს მოკლებული ეპატაჟურობით და გაურკვეველ ემოციებზე აქცენტირებით. გარდა იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ციფრებთან და რიცხვებთან არ მეგობრობენ, თვალსაჩინოა, საზოგადოებისგან დაშორებისა და რეალობისგან მოცილების პროცესიც. რა გვაქვს სინამდვილეში? აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა.

აი, მაგალითად, გუშინ ფაინენშლ თაიმსის ჯგუფის წევრმა სარეიტინგო კომპანიამ - ეფ-დი-აი ინტელიჯენსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში მშპ-ს ორნიშნა ზრდა გვქონდა. ისევ პირველ ათეულში ვართ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს ვიკავებთ. ღია ბიუჯეტის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, საინვესტიციო პოლიტიკის მიხედვით - მე-8 ადგილზე, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით - 176 ქვეყანას შორის - 35-ე ადგილზე, ფრეიზერ ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით - 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზე ვართ. წარმატებული წინსვლა გვაქვს კორუფციის აღქმისა და კანონის უზენაესობის ინდექსების მიხედვით. ეს რაც შეეხება რეიტინგებს და ჩვენ მოწინავე პოზიციებს. მოდი ცოტა ხანი, რეიტინგებსაც დავანებოთ თავი. ფაქტებს ხომ ვერ გავექცევით? მოკრძალებით მინდა შეგახსენოთ იმ უმსხვილესი პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც პირდაპირ იმოქმედებს საქართველოში როგორც მშპ-ს, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. კანონმდებლობით გამყარებულმა რეფორმამ საშუალება მოგვცა დაგეგმილიყო 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში. დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც გულისხმობს სიმძლავრის აუქციონებს განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის. ამ ეტაპზე, სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში, ჰიდროელექტორსადგურებისთვის ჯამური სავარაუდო ინვესტიცია შეადგენს 237.5 მლნ აშშ დოლარს, მზის ელექტროსადგურებისთვის 60.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ქარის ელექტროსადგურებისთვის კი 106.3 მლნ აშშ დოლარს. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის ფარგლებში საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ეს იქნება პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ევროპასთან. მიმდინარეობს შესწავლის ფაზა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და მასში საქართველოს 51% ექნება. ფოთში პეის ჯგუფმა 120 მილიონიანი ინვესტიიცით ახალი ნავსადგომი ააშენა. სწორად გააზრებული პოლიტიკისა და მომზადებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყაზახური და ცენტრალური აზიის ტვირთების მარშრუტი საქართველოზე გადის და შუა დერეფანის ამოქმედებამ საქართველოს რკინიგზისა და პორტების შემოსავალი და მოგება მაქსიმალურად გაზარდა. ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებების განხორციელებით და თურქული მაღალხარისხიანი პროდუქციისთვის ბაზრის გახსნამ, რამდენიმე ათეული პროცენტით შეამცირა საქართველოს მოქალაქის წამლით მკურნალობის ხარჯები. რეგიონში პირველები ვართ ციფრული ბანკის გახსნით. ლარის კურსი სტაბილურია და რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ვოლატილობა მცირე დიაპაზონშია. მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლების პარამეტრებისკენ მიიწევს. მთავრობის ვალი კრიტიკული ზღვრიდან შემცირდა და მშპ-ს 39 პროცენტის ფარგლებშია, ფისკალური დეფიციტი წინა წელს 3.1 პროცენტი იყო, და წელს 3 პროცენტზე ნაკლები იქნება. ექსპორტი გაიზარდა 31,8 პროცენტით და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 5.6 მლრდ დოლარი.

ეს არის ფაქტები და ეს არის მიღწევები, რომელზეც ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის ფაქტები, რომელსაც ყველა ხედავს და აღიქვამს. დიახ, ჩვენ უკეთესი შედეგები გვინდა წლიდან წლამდე და ამ სასურველი მაჩვენებლებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ რა მძიმე სასტარტო პირობები გვქონდა და რა ძალისხმევა გვჭირდება თითოეული პრობლემის გამოსწორებისთვის. ყველა კარგად ხედავს, რომ ტურიზმიდან შემოსავალმა უკვე 2022 წელს პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს ველოდებით წელს თუნდაც პირველი კვარტლის მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ. ეს თავისთავად არ ხდება. ახლა პარლამენტში ტურიზმის ახალ კანონზე ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სფეროს განვითარებას და მოაწესრიგებს არსებულ ხარვეზებს. ყველაფერი ეს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით კეთდება - ევროპის ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის სტიქიის დროს და იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის გვაქვს თქვენი მხრიდან სხვადასხვა ინიციატივების დროს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner