"მინდა შეკითხვით მივმართო აქ ხმამაღლა მოლაპარაკე ოპოზიციონერ დეპუტატებს და ვკითხო - რომელს არ ეთანხმებით და რომელი არ მოგწონთ? მშვიდობა და უსაფრთხოება არ მოგწონთ თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს არ ეთანხმებით ეკონომიკურ ზრდაზე?," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას გამოთქმული კრიტიკული შეფასებების პასუხად.
„ბატონი ვაშაძე გამოვიდა ხმამაღალი განცხადებებით, რომ საქართველო რეფორმების ჩემპიონი იყოო და ერთი ნაბიჯი აკლდა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, მაშინ როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაშიო. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიცით სრულიად სხვა ისტორია და რეფორმების ჩემპიონობა თუ ის იყო, რომ დანგრეული შენობიდან მესამე სართულიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გადმოაგდეს პირდაპირ, რომ აქ აღარ არის შენი ბინაო და ღამ-ღამობით ადამიანები ერთმანეთს, რომ ასწრებდნენ ქონების ჩუქებას სახელმწიფოსთვის და მთელ მედიას ერთი პოლიტიკური ფუნქციონერი რომ მართავდა და სტრასბურგის სასამართლომ, რომ გითხრათ რომ ერთი უბრალო მოქალაქის დანაშაულის ჩასაფარცხად პრეზიდენტიდან საპატიმროს გუშაგამდე ყველა ერთ დავალებას ასრულებდითო - ეგ თუ იყო რეფორმების ჩემპიონობა, მაშინ გამობრძანდით აქ და აგვიხსენით რატომ ვერ მიიღო თქვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ ვერც უვიზო მიმოსვლა, ვერც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, ვერც ასოცირების შეთანხმება გააფორმა და ვერც ევროპული პერსპექტივა ვერ მიენიჭა. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო და თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში და ხალხს ატყუებდით, რომ რეფორმების გამო თურმე შეიძლებოდა ვიღაც მოგეკლათ და სიკვდილის ექსპორტიორები იყავით რაც ომბუდსმენის დასკვნებში წერია. და ამას აკეთებდით დასავლეთის სახელით. ახლა მინდა გკითხოთ - ის ადამიანები, რომლებსაც აწამებდით და ტელევიზიებში რეიდებს რომ აკეთებდით და სასამართლო ამ ყველაფერს ნოტარიულად გიდასტურებდათ, მაშინ რატომ არავინ არ დაასანქცირეს და იქნებ თქვენ ახსნათ რატომ ჰქონდა ყველას თვალები დახუჭული ამ უსამართლობაზე?“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.