logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ჰქონდათ საშუალება, პრემიერისგან მოესმინათ პასუხები ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს თემებზე, კითხვებს არ სვამენ - მათ არ აქვთ არავითარი დღის წესრიგი რაც ქვეყნის განვითარებას ეხება
- +

1 ივლისი. 2023. 00:26

"დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოს განვითარებას გასული წლის განმავლობაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება ადამიანმა განიხილოს პარლამენტში," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.

ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ისედაც გვაქვს უამრავი საშუალება, რომ გვქონდეს განხილვა, პრემიერთან, მთავრობის წევრებთან ამის ფუფუნება ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთიანი გუნდი. ოპოზიციამ ხომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შანსი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ ოპოზიციაზე. შენ გაქვს უნიკალური შანსი, წელიწადში ერთხელ დაუსვა კითხვები პრემიერ-მინისტრს ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს თემებზე, თითოეულ დარგზე, თითოეულ სფეროზე. მე არ დამეზარა და მარტივი სტატისტიკა ვაწარმოე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდან. რაღაცამ ხომ უნდა დაგაინტერესოს, მაგალითად, შენი ქვეყანა როგორ ვითარდება, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, საგარეო მიმართულებით რა ხდება, ელემენტარული ქვეყნის მიმართ გრძნობა თუ გაქვს, ინტერესი უნდა გაგიჩნდეს.

როგორია სტატისტიკა კითხვების – ეკონომიკა, ყველაზე მსხვილი თემაა, რაზეც პრემიერმა დაიწყო საუბარი და შეუძლებელია, აქ არ დაგაინტერესოს ქვეყნის განვითარებამ, რა ხდება ეკონომიკაში. იქნებ, ეს ორნიშნა ზრდა ცოტაა და სამნიშნა ზრდა უნდა გვქონოდა. ეკონომიკაზე კითხვების რაოდენობა, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, ნული. ეკონომიკაზე ნული შეკითხვა, ეს არის მარტივი სტატისტიკა, ცალკე აღარ გავყვები – ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ყველგან ნული შეკითხვა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ თემებს, აქ იყო ცხოველი ინტერესი, ორივე შემთხვევაში ნული შეკითხვა. განსაკუთრებული ინტერესი იყო, განათლება, კულტურა, სპორტის მიმართ, ნული შეკითხვა თითოეულ ამ თემაზე – ეს არის სტატისტიკა. კარგი მონაცემები გვაქვს სხვა სფეროებში, ინფრასტრუქტურაზე ორი შეკითხვა იყო ერთი ლოკალურ თემას უკავშირდებოდა, კონკრეტული გზის მონაკვეთს, მადლობა ოპოზიციას ამისთვის, საგარეო თემებზე სამი უხარისხო შეკითხვა დაისვა. თავდაცვაზე ერთი სრულიად უხარისხო შეკითხვა. ეს არის სტატისტიკა. მთელი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ საშუალება, პრემიერისგან მოესმინათ პასუხები ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს თემებზე, კითხვებს არ სვამენ. აქედან ჩანს, რომ მათ არ აქვთ არავითარი დღის წესრიგი რაც ეხება ქვეყნის განვითარების თემებს. ერთადერთი მათი დღის წესრიგი არის, რასაც დაავალებენ და მეორე სუბიექტური, რომ რაღაცნაირად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დავალების შესრულება, ხელისუფლებაში დაბრუნება ერთი მეორესთან კავშირში, მეტი არაფერი აინტერესებთ და ეს სტატისტიკა ამის უტყუარი დასტურია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner