საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მესამე ევროპულ თამაშებზე ვიზიტის ფარგლებში სპორტსმენთა სოფელს ესტუმრა. ის ქართველ სპორტსმენებს შეხვდა, შედეგიანი ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ქართველ სპორტსმენებს ამ დროისათვის მოპოვებული აქვთ ხუთი მედალი და ორი ოლიმპიური ლიცენზია.
ტურნირის ჩემპიონები სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) და ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო) გახდნენ, ვერცხლის მედალი ზაზა ნადირაძემ (ნიჩბოსნობა, კანოე) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს გოგიტა არქანია (კარატე) და ელენე ლოლაძე (ტაილანდური კრივი) დაეუფლნენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და მოკრივე ლაშა გურულმა მოიპოვეს.
მესამე ევროპული თამაშები პოლონეთში 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.