"მოხარული ვარ, რომ მქონდა, შესაძლებლობა, მემასპინძლა ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საუბარი მქონდა ევროსაბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე. ჩვენი წევრობის პირველივე დღიდან ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და ბევრი წინსვლა საქართველოსი განპირობებულია სწორედ მისი დახმარებით. ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად იცის ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია იქნება თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
მადლობა გადავუხადე მას იმისთვის, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრობით და მასთან თანამშრომლობით შეგვიძლია ჩვენი ინსტიტუტების გამყარება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, სადაც ასევე ევროსაბჭო ვენეციის კომისიის მეშვეობით არის ჩვენს გვერდით და გვეხმარება, ამისთვისაც მადლობა გადავუხადე. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.