„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ დავით უსუფაშვილის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა.
„რასაკვირველია, რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი არ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მე ძალიან გული მწყდება, რომ იგი ამ უმრავლესობის მხარდაჭერის იგნორირებით გამოდის რესპუბლიკური პარტიის პლატფორმიდან, იქცა ოპონენტად ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ მართებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება, რასაც კარგად ასრულებდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ მისი დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, არ შეიძლება არ დაეთანხმო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი ადამიანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკურ პარტიას პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა.
„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, არცთუ საფუძვლიან კომენტარებსა და განცხადებებზე არის დაყრდნობილი და მნიშვნელოვნად სცილდება იმ ინტერესებს, რაც დღეს საქართველოს გააჩნია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.