logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: იმედია, სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესები მანამდე არ დასრულდება, სანამ ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა არ ამოეწურება
- +

2 ივლისი. 2023. 09:03

 

 

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ და იყო თუ არა ეს აქტი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების რეპეტიცია... „რეპორტიორის“  სტუმარია ანალიტიკოსი გია აბაშიძე...

 

- ბატონო გია, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო წლების განცხადებებსა და ქმედებებს, ნიკა გვარამიას გათავისუფლება საზოგადოებისთვის დიდად მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. გვახსოვს ისიც, რომ გვარამიამდე პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა შეიწყალა... თქვენი ვარაუდით, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილსაც?

 

- ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, განსაკუთრებით, მისი ბოლო წლების არაადეკვატური და ამპარტავნული ქმედებებისა და განცხადებების ფონზე. მან არ ახსნა, თუ რატომ გადადგა ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი ეს ნაბიჯი. პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა მაშინვე, როგორც კი, მისმა საქმემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ამას ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ აპირებს. მან ფრანგულ მედიასთან თვითონვე ახსნა, - სააკაშვილი მსჯავრდებულია, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობსო. იმედია, სააკაშვილის სხვა სასამართლო პროცესები მანამდე არ დასრულდება, სანამ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა არ ამოეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ვერ მოასწრებს კიდევ ერთი პროვოკაციის განხორციელებას შეწყალებების მიმართულებით. თუ რატომ დგამს ასეთ ნაბიჯებს საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი მუსირებს, მათ შორის ის, რომ ზურაბიშვილს ეს ყოველივე აშშ-ში მისი შვილების კარიერული წინსვლისთვის სჭირდება. ასევე არსებობს  ვარაუდი, რომ, როდესაც მას ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა, უკვე როგორც საფრანგეთის მოქალაქე, კარიერას დასავლურ სტრუქტურებში, ეუთო-ში ან გაერო-ში გააგრძელებს.

 

- ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ მას პირადი ინტერესები ამოძრავებს, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კი ამ ფაქტს ასეთი შეფასება გაუკეთა: ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინესო. მან სწორედ ეს სიტყვა შეაწყალებინეს გამოიყენა... თქვენ არ უშვებთ, რომ შესაძლოა, ეს პროცესი გარედან იყო მართული?

 

- კი! და ამის ლეგიტიმური ეჭვი მას შემდეგ მეტად გამყარდა, რაც „ნაცების“ ლობისტმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღიარა, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვიცოდითო. დაუკვირდით, რა მასშტაბის ჩარევასთან გვაქვს საქმე - ევროპარლამენტარებმა, სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რატომ ან საიდან უნდა იცოდნენ სხვა, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების თაობაზე?! სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარააა, ის ამ ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტად იქცა. გვარამიას შეწყალებით, მან ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციის პირველი პუნქტის შესრულება, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია, სათუო გახადა. არ აქვს მნიშვნელობა, ნიკა გვარამია ტელევიზიაში დარჩება თუ პოლიტიკაში წავა, ის შეპყრობილია რევანშიზმის სურვილით და ქალბატონმა პრეზიდენტმა მას ამ სურვილის რეალიზაციაში ხელი შეუწყო.

 

- ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი-გვარამიას გათავისუფლებისკენ ხშირად მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს აქტი სწორედ დეპოლარიზაციის დასრულებას შეუწყობდა ხელს. თუკი ოდესმე სალომე ზურაბიშვილიც დეპოლარიზაციის დასრულების სურვილით შეფუთავს საკუთარ გადაწყვეტილებას, მის ამ ნათქვამში დაინახავთ თუ არა რაიმე ლოგიკას?

 

- სავსებით შესაძლებელია, მან სწორედ ასე ახსნას საკუთარი სკანდალური შეწყალება. ჩემთვის პირადად, ეს პოლიტიკურად არაშორსმჭვრეტელურ ნაბიჯად დარჩება, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ ვერაგული გეგმა - ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა, კვლავ  დღის წესრიგშია. „მეხუთე კოლონას“ მან ახალი პოლიტიკური სიცოცხლე შესძინა, რითაც იგი იმ ძალის გვერდით აღმოჩნდა, რომელიც, არა „ქართული ოცნების“, არამედ, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერია.

 

- „მეხუთე კოლონა“ ახსენეთ... ვისი მეხუთე კოლონა“ არიან?

 

- კლასიკური გაგებით, „მეხუთე კოლონას“ უწოდებენ მას, ვინც შიგნიდან უთხრის ძირს საკუთარ ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს თავადაც დაამტკიცეს, როდესაც სოლიდარობა გამოუცხადეს „ვაგნერის“ (კერძო არმიის) ჯალათს, ევგენი პრიგოჟინს, რითიც უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენეს უკრაინაში დახოცილ ადამიანებს, მათ შორის, ქართველ მოხალისეებსაც... როგორ შეიძლება, საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებდეს ძალა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილ და დასავლეთის მიერ სანქცირებულ პრიგოჟინს უცხადებს მხარდაჭერას?!

 

 

- ისინი პრიგოჟინს კი არა, რუსეთის შიგნით დაპირისპირებას, პუტინის დასუსტებასა და რუსეთში სისხლისღვრას გულშემატკივრობდნენ... თავადაც არ დაუმალავთ ეს და ზუსტად ასე ახსნეს საკუთარი რამდენიმესაათიანი აღტყინება...

 

- კი მაგრამ, რა ლოგიკაა მათ ამ ახსნაში?! ანუ, თუ ერთი ჯალათი ებრძვის მეორე ჯალათს, რომელიღაც ერთი კონკრეტული ჯალათის მხარეს იჭერენ?! პრიგოჟინი არის ჯალათი, რომელიც მასობრივ მკვლელობებშია გარეული. შეუძლებელია, ჯალათებს შორის დაპირისპირებაში დაინახო რაიმე რაციონალური პროცესი. თუკი, პრიგოჟინი მოვა რუსეთის ხელისუფლებაში, საკუთარი იმპერიალისტური ამბიციებით წალეკავს მთელ სამეზობლოს.

 

- ბოლოს მაინც ნიკა გვარამიას საკითხს რომ დავუბრუნდეთ... თქვენი აზრით, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს მას, დარჩება მედიაში და იქიდან გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა, თუ შეიძლება პოლიტიკოსად მოგვევლინოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომდევნო ლიდერადაც ვიხილოთ?

 

- ამ ეტაპზე, არ მაქვს განცდა, რომ ნიკა გვარამია კეზერაშვილ-მერაბიშვილის კლანთან ითანამშრომლებს, მითუმეტეს, მათ ვასალ ლევან ხაბეიშვილთან. უფრო ვვარაუდობ, რომ ის შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მისი თანამზრახველებისკენ გადაიხაროს. ისე კი, როდესაც „საჭირო“ მომენტი დგება, ნანახი გვაქვს, დაქსაქსული „ნაცმოძრაობა“ როგორ ერთიანდება და ერთობლივი ძალებით როგორ უტევს საქართველოს სახელმწიფოს. დამიჯერეთ, მომავალში, როცა ეს მომენტი ისევ დადგება, კვლავ ვიხილავთ ნაცების გაერთიანებას. ისე კი, რამდენად აწყობს კეზერაშვილს ინტელექტუალი (ყოველ შემთხვევაში, ხაბეიშვილთან შედარებით) და უმართავი  ნიკა გვარამია პარტიის ლიდერად, ეს კიდევ სხვა საკითხია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner