logo_geo
eng_logo
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
- +

2 ივლისი. 2023. 10:14

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. ალექსანდრე მოსულიშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას   26 500 ლარს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. ალექსანდრე მოსულიშვილმა 3 ჰექტრამდე ფართობის დაზღვევის პოლისის შესაძენად, 1 328 ლარი გადაიხადა,  70%-იანი თანადაფინანსება (3 100 ლარი) კი, სახელმწიფოსგან  მიიღო.

 

„მოვუწოდებ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და  დააზღვიონ მოსავალი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორმა იმედა ალხაზიშვილმა.

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

 

31 მაისიდან  30 ივნისის პერიოდში, აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, კახეთის რეგიონიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 4 636 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, 2,6761 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის  პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner