გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. ალექსანდრე მოსულიშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 26 500 ლარს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. ალექსანდრე მოსულიშვილმა 3 ჰექტრამდე ფართობის დაზღვევის პოლისის შესაძენად, 1 328 ლარი გადაიხადა, 70%-იანი თანადაფინანსება (3 100 ლარი) კი, სახელმწიფოსგან მიიღო.
„მოვუწოდებ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორმა იმედა ალხაზიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
31 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში, აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, კახეთის რეგიონიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 4 636 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, 2,6761 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.