logo_geo
eng_logo
აჩი არველაძე: იმედია, მალე, კლუბურ დონეზეც შევძლებთ ამ რაოდენობის მაყურებლის სტადიონზე მოყვანას და გახარებას!
- +

2 ივლისი. 2023. 19:54

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 21 წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გამოეთიშა, მთელი ქვეყანა ზეიმობს! ზეიმობს იმ არაჩვეულებრივ სანახაობას, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირის მანძილზე გვიჩვენეს და, ბოლო მარცხის მიუხედავად, მომავლის იმედი გაგვიჩინეს... რეპორტიორის სტუმარია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი არჩილ არველაძე

 

- აჩი, მოდით, პირველ რიგში, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების გუშინდელი თამაში შევაფასოთ... ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და რამდენად ხედავთ მათ პოტენციალს, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ?

 

- გუშინდელმა მარცხმა გული ძალიან დაგვწყვიტა. ძალიან ძლიერი მეტოქეების დამარცხების მერე, იმის მოლოდინი გვქონდა, რომ ისრაელის ბარიერსაც დავძლევდით, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ალბათ, არჩევანი რომ გვქონოდა, დარჩენილი მეტოქეებიდან, ევროპულ გრანდებთან შედარებით, მაინც აღნიშნულ ნაკრებთან დაპირისპირებას ვარჩევდით, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისრაელი ძალიან კარგი გუნდი აღმოჩნდა. მათი თამაშების ბოლო პერიოდსაც თუ მიმოვიხილავთ, ძალიან კარგ ნაკრებს აღმოვაჩენთ... 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში მოხვდნენ და იმ ტურნირზე საოცრად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მითუმეტეს, რომ მაშინ, ნახევარფინალში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამარცხებაც კი მოახერხეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისრაელს ძალიან კარგი ახალი თაობა ჰყავს.

 

- მიმდინარე ტურნირმა, ალბათ, ჩვენი ნაკრების ძლიერ მხარეებთან ერთად, სუსტი მხარეებიც გამოავლინა. სად არის ახალგაზრდების ეროვნული ნაკრების სუსტი რგოლი და თქვენი აზრით, მომავალში, რა შეცდომების გათვალისწინება და გამოსწორება მოგვიწევს?

 

- მთელი ტურნირის განმავლობაში ჩანდა, რომ წინა ხაზში ვერ ვიყავით ისეთი ძლიერები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით და, მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც და ქვეჯგუფის მატჩების დროსაც, გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, მთლიანობაში მეოთხედფინალში მაინც ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის ხარჯზე გავედით და გოლებიც დავითაშვილის, წიტაიშვილისა და გაგუას ინდივიდუალური კლასის ხარჯზე გავიტანეთ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ცუდზე არაფერზე მეტყველებს, უბრალოდ, თვალშისაცემი იყო, რომ დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზში ბევრად უფრო კარგად გამოვიყურებოდით, წინა ხაზს კი, შედარებით უჭირდა. ამას დაემატა ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვიან დაბრუნდა საქართველოში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაღლილები იყვნენ, თან ძირითადი გუნდის ორი ფეხბურთელის არყოფნა მაინც დაეტყო ნაკრებს... მთლიანობაში, ძალიან დადებითად ვაფასებ ჩვენი ბიჭების თამაშს.

 

- ორი ფეხბურთელის არყოფნა ახსენეთ... როგორც ვხვდები, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზე, რომლებმაც 21 წლამდე ნაკრების თამაშებში მონაწილეობაზე მიზეზთა გამო, უარი განაცხადეს. გუშინდელი მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მათზე წყრომით დაწერილ კომენტარებსაც გადავაწყდით, ისინი რომ გვყოლოდა, გამარჯვების მეტი შანსი გვექნებოდაო... თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია მათ მიმართ დაწერილი გულნატკენი კომენტარები?

 

- ბიჭებს თავიანთი მიზეზები ჰქონდათ, რის გამოც ვერ იასპარეზეს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა, ვერც გულშემატკივრებზე ვიტყვი აუგს. ლოგიკურია, რომ ყველას სურდა მათი თამაშის ნახვა და გულდაწყვეტით დაწერილ კომენტარებში საწყენი არაფერია. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ხვიჩას ან გიორგის თამაშის ნახვა არ ენდომებოდა?! წლინახევრის წინ, როცა ბათუმის „დინამო“ ჩამოვიდა თბილისში, ხვიჩას თამაშის სანახავად სტადიონზე 40 000 მაყურებელი მივიდა... კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, მიქაუტაძესაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა და, ბუნებრივია, რომ ხალხს მათი თამაშის ხილვა სურდა.

 

- საქართველომ ამ რანგის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. როგორი მასპინძელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და, თქვენი აზრით, რამდენად გვაქვს შანსი, მომავალში კიდევ მოგვანდოს უეფა-მ სხვა მაღალი რანგის ჩემპიონატების მასპინძლობა?

 

- დასწრების თვალსაზრისით, 21 წლამდელთა ასეთი ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატების ისტორიას არ ახსოვს! ამას უეფა ძალიან კარგად შეაფასებს და დააფასებს. აქედან გამომდინარე, იმედია, შემდეგშიც მოგვეცემა შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის საფეხბურთო ტურნირებს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოს როლიც, იმიტომ, რომ დაიხარჯა კოლოსალური თანხები და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა. ასეა დღევანდელ ფეხბურთში, თუ არ გაქვს მაღალი დონის სტადიონები, ფეხბურთელებს კი არ აქვთ სავარჯიშო პირობები, ამ რანგის ჩემპიონატს არც არავინ ჩაგატარებინებს. როგორც კი გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის  საქართველოში ჩატარება, სახელმწიფომ აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად, თანხები არ დაიშურა. ბოლოს და ბოლოს, რაც გაკეთდა, ჩვენს ქვეყანას დარჩება და ჩვენს მომავალ საფეხბურთო თაობებს გამოადგება. იმედია, ახლა არ დაველოდებით შემდეგ მასშტაბურ ტურნირს და, ყოველწლიურად, გარკვეული თანხები ისევ იქნება გამოყოფილი, რათა არსებული შევინარჩუნოთ და მივამატოთ კიდეც თითო-ოროლა სტადიონი. რაც შეეხება მომავალი ტურნირების მასპინძლობის საკითხს, რატომაც არა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კიდევ უფრო დიდი ტურნირების ჩასატარებლადაც და იმედია, ერთ დღეს დიდების ევროპის ჩემპიონატის ერთი ქვეჯგუფის მატჩები მაინც ჩატარდება საქართველოში. ვატყობ, ამის სურვილი არსებობს და ფეხბურთის ფედერაციამ, ალბათ, უკეთ იცის, კიდევ სად რისი გაკეთება იქნება საჭირო. რაც მეტი გაკეთდება, მით მეტად წაადგება ქართული ფეხბურთის აღზევების საქმეს!

 

- აჩი, ფაქტია, რომ ქართველი მაყურებელი სტადიონებს დაუბრუნდა, ეკრანს მიეჯაჭვა და ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თუ სანაკრებო მიღწევებს საოცარი ემოციით ადევნებს თვალს. თუმცა, ჯერ ისევ გვიჭირს საკლუბო დონეზე, შიდა ჩემპიონატის გუნდები ჯერჯერობით დიდ წარმატებას ვერ აღწევენ. როგორ ფიქრობთ, რისგან არის ეს პრობლემა გამოწვეული და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული კლუბები ევროპულ ტურნირებზე ვიხილოთ?

 

- სიმართლეა. სამწუხაროდ, უჭირთ ქართულ კლუბებს. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატი ბევრად უკეთ გამოიყურება და წინსვლაც შესამჩნევია, რაღაც მაინც არ არის საკმარისი და ეს „რაღაც“ საბოლოო ჯამში მაინც - თანხებია. ალბათ, ბიზნესი მეტად უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში... არ მინდა, რამე ისეთი წამომცდეს, რომ ვინმეს თქვას, თუ არ იცის, რატომ ლაპარაკობსო (იცინის), მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ დაფინანსების საკითხთან მივდივართ... გსმენიათ ალბათ, მსოფლიო კლუბებს რა მასშტაბური ბიუჯეტები აქვთ, რა ოდენობის ხელფასები იღებენ ფეხბურთელები და რა თანხებს ხარჯავენ კლუბები სატრანსფერო სეზონების მანძილზე... ჩვენც თუ გვინდა ამ მასშტაბებზე გასვლა და ამ დონეზე თამაში, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული თანხების ჩადების გარეშე, არაფერი გამოვა. ამასთან, თუ ჩვენი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს ისეთ დონეზე, როგორ მაღალ დონეზეც დღეს კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი, მამარდაშვილი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს, მომავალში ძალიან კარგი შანსები გვექნება, რადგან საქართველოსკენ  უდიდესი ყურადღებაა მომართული და, შესაძლებელია, ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდეს ჩვენი კლუბებითა და ფეხბურთელებით. იმის გამო, რომ საქართველოში იბადებიან ვარსკვლავები, იმედია, რომელიმე დიდ ბიზნესმენს გაუჩნდება სურვილი, ჩამოვიდეს აქ და შეიძინოს რომელიმე კლუბი. რაც შეეხება მაყურებლის სტადიონზე დაბრუნებას, ეს აშკარა და თვალშისაცემია, რაც ძალიან მახარებს. მახარებს ის, რომ სტადიონი გაფერადდა და გაახალგაზრდავდა. მაშინ, როცა ჩვენ ვთამაშობდით, მაყურებელი რატომღაც სულ მუქ ფერებში იყო სტადიონზე წარმოდგენილი, ახლა კი, წითელ და თეთრ ფერებში გადაჭრელებულ ცოცხალ, ემოციურ სტადიონს ვხედავთ, სადაც დადის ყველა თაობის ადამიანი - ახალგაზრდა ბიჭებიც და გოგონებიც, ბავშვებიც და მოხუცებიც და სადაც საზეიმო ვითარებაა შექმნილი. ფეხბურთი არაა მხოლოდ თამაში, ის ზეიმია, დღესასწაულია და იმედია, მალე კლუბურ დონეზეც შევძლებთ ამ რაოდენობის მაყურებლის სტადიონზე მოყვანას და გახარებას.

 

- როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ევროპული გუნდების სიაში ვიხილავთ თუ არა ახალ ქართულ გვარებსაც?

 

- ახლა ამისთვის მართლაც ძალიან კარგი დროა, რადგან, ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენკენ მომართული. ევროპის ამ ჩემპიონატს დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ახალგაზრდული ნაკრებიდან, სავარაუდოდ, მინიმუმ კიდევ ორი-სამი ახალგაზრდა წავა უცხოეთში. თუმცა, მინდა, ყველა მათგანს ახსოვდეს, რომ უცხოეთში წასვლა ერთია, იქ თამაში და თავის დამკვიდრება - მეორე. აი, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას რომ არ ეშრომა და ცუდად ეთამაშა, ამ დონის ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდებოდა. ახლა ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ამინდს და აჩენენ საქართველოსადმი იმ ინტერესს, რა ინტერესიც დღესაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენკენაა მომართული, რადგან შეიძლება, აქ კიდევ იპოვონ მეორე კვარაცხელია და მეორე მიქაუტაძე, მეორე დავითაშვილი და მეორე მამარდაშვილი და ეს შანსი ყველა ახალგაზრდას შეუძლია გამოიყენოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner