აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ზღვის წყლის ხარისხს ყოველ 10 დღეში ერთხელ ამოწმებს. ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში, ანუ იქ, სადაც დამსვენებლები ცურავენ, იღებენ წყლის სინჯებს. შერჩეულია 7 ლოკაცია, იმისთვის რომ საერთო სურათი მთელ სანაპირო ზოლზე გამოჩნდეს.
წყლიდან აღებული სინჯები მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აისო სტანდარტის მქონე ლაბორატორიაში მიაქვთ. საბანაო წყალს 4 მთავარი სპეციალისტი ამოწმებს. ზღვის წყლის ხარისხის სანიტარულ-მიკრობიულოგიურ კვლევას 4 დღე სჭირდება. ამის შემდეგ უკვე ცნობილია შედეგები - რამდენად შეესაბამება დადგენილ ნორმებს ზღვის წყლის ხარისხი - ანუ ვარგისია თუ არა საბანაოდ.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გახდა, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი რამაზ მიქელაძე ამბობს, რომ კახოვკის ეკოკატასტროფის გავლენა საქართველოზე ნაკლებად სავარაუდოა.
„უკრაინიდან წამოსული წყალი დიდნაწილად ისევ ციკლურ დინებაში გადადის იქვე, დასავლეთ ნაწილში და წყლის ძალიან მცირე რაოდენობა მოდის აქეთ“, - განმარტავს ის.