ავტორი ანა ფერაძე
სამგორის #12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიის კლუბ „ქვინსის" ვიცე-პრეზიდენტთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "თვისტომის" და ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ბიზნეს ბორდის დირექტორატის წევრთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებს. შიხიაშვილის თქმით, კლუბის წარმომადგენლობის შექმნა მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას.
„ხვალ თბილისში ჩამობრძანდება ამერიკის რესპუბლიკური პარტიის უძველესი კლუბის „ქვინსის" ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ქონქენანი და არასამთავრობო ორგანიზაცია "თვისტომის" და ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ბიზნეს ბორდის დირექტორატის წევრი ნიკოლოზ ჩხეიძე.
მათი ჩამოსვლის მიზანია, შევქმნათ ახალი წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაახლოება იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნება, ჩვენ ვუწოდეთ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი" . ეს არის ამერიკის რესპუბლიკული პარტიის კლუბი, რომლის ღირებულებები და ფასეულებები ძალიან ახლოს არის ქართველ საზოგადოებასთან.
ის ეფუძნება ოჯახის, ქვეყნის ტრადიციებს, პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობას, ზნეობრივ ფასეულობებს. ჩვენი სურვილია, რომ ქართველები და ამერიკელები უკეთესად იცნობდნენ ერთმანეთს.
ამერიკაში იმისთვის წავედი, რომ მინდა, ჩემს ქვეყანას მეტი მეგობარი ჰყავდეს. ისეთ ქვეყანასთან, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს, რომელიც ჩვენი მყარი და მკაფიო პოლიტიკური პარტნიორია, მინდა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, გადაიზარდოს უფრო დიდ მეგობრობაში და სწორედ ამის ხელშემწყობი იქნება ეს წარმომადგენლობა.
ასევე ჩვენი მიზანია განათლების მიმართულებით მეტი ხარისხი გაჩნდეს. ჩვენს ახალგაზრდობას შანსი მიეცეს, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ ამერიკაში. ჩვენი წარმომადგენლობა ახალგაზრდებს ამაში ხელს შეუწყობს.
სურვილი გვაქვს, ავაშენოთ კიდევ ერთი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს დამეგობრებას, რათა კულტურული, ტრადიციული, ეროვნული ფასეულობები უფრო მეტად შემჭიდროვდეს ორ ქვეყანას შორის.
ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულება იმისთვის, რომ ჯერ ადგილზე მყოფი ადამიანები დავასაქმოთ, ასევე ემიგრანტებს შევუწყოთ ხელი, დაბრუნდნენ სამშობლოში და ის გამოცდილება და ცოდნა, რაც დააგროვეს, მოახმარონ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობას", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.