logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც მთელი ევროპა საპენსიო ასაკის გაზრდაზე ფიქრობს სწრაფი დაბერების გამო, „ნაცმოძრაობა“ ხალხს მწარედ ატყუებს
- +

3 ივლისი. 2023. 17:53

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოში საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება. 

 

როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობა“ ამ თემით სპეკულირებს და ამომრჩეველს ატყუებს. 

 

„ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი გასაკვირი არაა, თუმცა, როდესაც ასეთ პრობლემურ საკითხს ეხები და ხალხს ცრუ დაპირებებით კვებავ მხოლოდ არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად, მტერი ხარ საკუთარი ქვეყნის.

 

შეუძლებელია ამ პარტიას ვინმე, ცოტათი მაინც ჭკუათმყოფელი ეკონომისტი არ ჰყავდეს და არ იცოდნენ, თუ რა პრობლემებია დღეს საქართველოში ერის დაბერების კუთხით. რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ხალხს მიზანმიმართულად ატყუებენ.

 

რეალობა კი ასეთია:

 

ბოლო 10 წელია ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ერის დაბერების დინამიკაზე საქართველოში. მოსახლეობისთვის რომ ადვილად გასაგები იყოს, მსურს მარტივად ავხსნა, რა არის ერის დაბერება? ერის დაბერება არის დემოგრაფიულ თაობებს შორის დისბალანსი, ანუ, როდესაც ხანდაზმულთა რაოდენობა აჭარბებს ბავშვების რაოდენობას და ხანდაზმულთა წილობრივი მაჩვენებელი დიდია მთელს მოსახლეობაში. ასევე, როდესაც იზრდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. 

 

ევროპული სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია დაბერებულ ერებად ითვლება. საქართველო კი მათ შორის პირველ ადგილზეა. ამიტომაც აქვს ევროპას და საქართველოს მძიმე დემოგრაფიული პრობლემები. ერის დაბერების დროს ქვეყანას აქვს უფრო მეტი გასაცემელი ბიუჯეტიდან პენსიისა და სოციალური დახმარებების სახით. სწორედ ეს იყო მიზეზი რამდენიმე წლის წინ ევროპაში საპენსიო ასაკის გაზრდისა. ამხელა დაწოლას ბიუჯეტზე თვით ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ უძლებენ.

 

საქართველოში ყოველწლიურად ათასობით იზრდება პენსიონერთა რაოდენობა, ეს ძალიან კარგია, რადგან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც უპირველეს ყოვლისა, შედეგია საყოველთაო ჯანდაცვისა. გარდა ამის, უკვე 4 წელია საპენსიო ასაკში შესვლა დაიწყო მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში დაბადებულმა თაობამ (გასულ საუკუნეში ყველაზე მეტი ბავშვი სწორედ ამ ათწლეულში დაიბადა). აქედან გამომდინარე, პენსიონერთა რაოდენობა მომავალ წლებში საგრძნობლად გაიზრდება.

 

ამ სიტუაციაში შეუძლებელია საპენსიო ასაკის დაწევა, რადგან ეს წელში გადატეხს ქვეყნის ბიუჯეტს. როდესაც ამაზე ესაუბრები მოსახლეობას, წამგებიანია და შენს მიმართ კრიტიკულად განაწყობ, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს ხალხმა უნდა იცოდეს. 

 

ქვეყნის მტერი უნდა იყო დღეს, რომ ეს საკითხი დააყენო. ეს არის მხოლოდ საარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუება და კონკრეტული ასაკოვანი სეგმენტის სიტყვიერი მოსყიდვა წინასწარ მიცემული ცრუ დაპირებებით. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სურს საპენსიო ასაკის დაწევა, მაგრამ, მოსახლეობის 1%-მა თუ იცის რეალური პრობლემების შესახებ, რაც მთელი ევროპისა და მათ შორის, საქართველოს წინაშეც დგას.

 

ამიტომ, არის ბოროტებით სავსე „ნაცმოძრაობა“. მართალია, დღეს მათი წინადადება უფრო მომხიბვლელია ხალხისთვის, ვიდრე ჩვენი დასაბუთებული ახსნა, თუმცა, მოკლე პერიოდის შემდეგ ჩვენგან გამჟღავნებული მათი კიდევ ერთი დიდი ტყუილი, საბოლოოდ, უფრო ეფექტური იქნება მათსავე წინააღმდეგ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner