logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
- +

3 ივლისი. 2023. 20:01

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმის (2023-2024წ.წ) პროექტში გაწერილ ვალდებულებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამ ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე პარლამენტის ვებგვერდზე, ყოველწლიურ კონფერენციაზე პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებსა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე.

რაც შეეხება პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ვალდებულებას პარლამენტის ვებგვერდზე, პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი შესაძლოა უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ და არ შემოფარგლონ მხოლოდ პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით.

მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებაზე საუბრისას, გამოითქვა მოსაზრება საკანონმდებლო წინადადებების განხილვის პროცედურული ნაწილის დახვეწის შესაძლებლობაზე.

პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კონფერენციის გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, გამოთქვა მოსაზრება ამ ვალდებულების სამოქმედო გეგმაში ჩანაწერის სახით არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ.

სამივე ვალდებულებასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, მომდევნო სხდომაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდება, მოხდება პოზიციების შეჯერება.

საბჭომ, ასევე იმსჯელა ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ახალ ფორმებზე, რომელიც საბჭომ მოიწონა.

პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის და კომიტეტების ანგარიშების ახალი ფორმები დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner