logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფინური კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვამ, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა
- +

4 ივლისი. 2023. 01:52

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფინური კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვამ, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, უკრაინაში მასშტაბური ომის დროს, საქონელი ფინეთიდან მიეწოდებოდა, მაგალითად, რუსეთის მსხვილ მაღაროებს. ამასთან, ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 1.5 მილიარდ ევროზე მეტია, რადგან საბაჟო მონაცემები ფინური კომპანიების მხოლოდ ნაწილს ეხება.

მაგალითად, ფინურმა კომპანია Metso Outotec-მა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიითა და აღჭურვილობით სამთო, გადამამუშავებელი და ლითონის მრეწველობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს მიწოდებას რუსეთში. სინამდვილეში კი კომპანიამ რუსეთში ვაჭრობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში განაგრძო.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან ფინურმა კომპანიებმა რუსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ქიმიკატები შემოიტანეს ქვეყანაში.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებიც იმ კომპანიების ბენეფიციარები არიან, სანქციების ქვეშ იმყოფებიან, აღნიშნული ვაჭრობა ლეგალური შეიძლება იყოს.

პია სარივაარას თქმით, რომელიც პასუხისმგებელია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქციების საკითხზე, კომპანიასთან ვაჭრობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი მფლობელის წილი 50%-მდეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner