logo_geo
eng_logo
სამშენებლო ამნისტიის მისაღებად განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება
- +

4 ივლისი. 2023. 11:49

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ნაგებობები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.

 

„სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი. ეს ვადა უკვე იწურება მიმდინარე თვის ბოლოს - 27 ივლისს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ  მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. დედაქალაქში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადასრულებული  ობიექტები, რომლებიც  ექსპლუატაციაში არ იყო  მიღებული. ამის მიზეზია მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა სამშენებლო კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ.

 

ამ პროცესით საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან ჯერ ერთი, მათ ქონებას აქვს  სტატუსი „მშენებარე ობიექტი“. ეს კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა.  გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი კანონი ორი წლის წინ იქნა მიღებული.

 

„ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ორი წლის წინ განხორციელდა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა,  ექსპლუატაციაში მიღება ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner