ავტორი ანა ფერაძე
„რეპორიტორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას სამგორის #12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა თეა თუთბერიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუთბერიძეს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. აქვე შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტს" თვალთმაქცობა ახასიათებს და ის თანხა, რაც ეკლესია-მონასტრებს მოხმარდა, იმ ადამიანების ტაშ-ფანდურს მოაკლდა, რომლებიც ამით პიარს იკეთებდნენ.
„ჩემთვის ცოტა უხერხულიც არის ასეთი ქალბატონის ბოდვებზე განცხადების გაკეთება. ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ნამდვილი ღირებულებები, რომელიც პრაქტიკულად ვერ ხვდება თავისი განცხადების მანკიერებას, სიბილწეს, იმ ადამიანზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, უხერხულია, მაგრამ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ სწორედ „თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგიამ, რომელსაც ნერგავდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გოკა გაბაშვილი, თეა თუთბერიძე და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობა" გადააქცია ანტისახელმწიფოებრივ სექტად.
ეს ხალხი სამშობლოს სიყვარულის გარეშე ცხოვრობს. ყალბად იყენებენ სიტყვებს - თავისუფლება, ბედნიერება. მათ შორის არც დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი არ გამოირჩევიან სხვა ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ ხიდაშელიც და უსუფაშვილიც „თავისუფლების ინსტიტუტიდან" მოდიან. ყველა მათგანს უსახო, უსაფუძვლო ღირებულებები აქვს, რომელსაც საყრდენი არ გააჩნია.
ეს ხალხი ყველაფერ ქართულს ისე მოიხსენიებენ, თითქოს ეს ყველაფერი არის ბნელი, ვადაგასული, მოძველებული. მინდა, ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩემი ქვეყნის უკვდავების ძალა მართლმადიდებლობაშია, ზოგადად, ამბობდნენ, რომ ქრისტე ქვეყნიერებისთვის ჯვარს ეცვა და ქართველები ქრისტესთვისო. მიმაჩნია, რომ ეს ქართველების უპირველესი ფუნქციაა, რომ ვიყოთ მართლმადიდებლები.
„თავისუფლების ინსტიტუტს" თვალთმაქცობა ახასიათებს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ არც სოციალურად დაუცველებს, არც ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა. შ. სხვა პროექტებს თანხა არ მოჰკლებია. თანხა მოაკლდა იმ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ისინი მართავდნენ პერიოდულად საკუთარი პიარისთვის. სწორედ ეს თანხა გადაირიცხა ტაძრების მშენებლობისთვის.
ადამიანებს როგორც ხორცის, ისე სულის საზრდო სჭირდებათ და რაც უფრო ჯანსაღია სულიერად საზოგადოება, მით უფრო პროდუქტიულია საკუთარი ქვეყნის მშენებლობისთვის და უკეთესი თაობის გაზრდისთვის.
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც პროამერიკულად მოაქვს თავი, ყოველივე ქართულს ეძახის პრორუსულს, მართლმადიდებლობასაც პრორუსულს. მინდა, მათ იცოდნენ, რომ ბევრი მართლმადიდებელი ცხოვრობს ამერიკაში და სისულელე იქნება, მათ პრორუსული აზროვნების ადამიანები ვუწოდოთ", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
იხ.: თეა თუთბერიძის განცხადება
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=20926