„ზელენსკის რაციონალურად მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდა, მან კი ურთიერთობის ნორმალიზების ნაცვლად დესტრუქცია აირჩია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ზელენსკი სუსტი და წინდაუხედავი პრეზიდენტია, მთავრობის მეთაური, რომელმაც პოლიტიკა არ იცის.
„ქვეყნის ხელმძღვანელი საკუთარ მოქალაქეებზე ერთნაირად უნდა ზრუნავდეს, ზელენსკის ავიწყდება, რომ საქართველოში 50 ათასამდე უკრაინელი იმყოფება, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ეხმარება, ქართულ ციხეში კი სააკაშვილის გარდა სასჯელს უკრაინის ათობით მოქალაქე იხდის.
საკუთარი გადაწყვეტილებით, აქ მყოფი უკრაინის მოქალაქეები გაწირა. კბილი კბილის წილ, ზელენსკი იმსახურებს, საქართველომ მხოლოდ კასიანოვის გაძევება არ იკმაროს და ისე მოექცეს უკრაინის მოქალაქეებს, როგორც ის იმსახურებს, მაგრამ ამას არ ვიკადრებთ, რადგან უგუნური პრეზიდენტის გამო ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
როგორც კულებამ განაცხადა, ელჩის გაძევება პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა იმსახურებს.
ალბათ იმიტომ ვიმსახურებთ, რომ უკრაინას მხარს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვუჭერთ, ჰუმანიტარული ტვირთით ვეხმარებით, ლტოლვილებს ვიღებთ და შემწეობას ვუნიშნავთ, სკოლებში ბავშვებისთვის უკრაინულ სექტორს ვხსნით და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ, თურმე ჩვენ უკრაინის მიერ ასეთ შეურაცხყოფას ვიმსახურებთ.
მინდა ზელენსკის ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთია, მსგავს შეურაცხყოფას არავის გავუტარებთ, ზოგი თვლის, რომ უკრაინას ყველაფერი უნდა ეპატიოს, რადგან ქვეყანაში ომია. არანაირი პატიება.
თვითონ ხომ იცლიან ჩვენი შეურაცხყოფისთვის? ჩვენც უნდა დავივიწყოთ უკრაინაში არსებული ომი, საქართველოს ყველა მტერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. ძნელი გასარჩევია, ვინ არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი - რუსეთი თუ უკრაინა“, - წერს დავით ჩიხელიძე.