მრავალი წელია ქართულ ტელესივრცეში აქტიურად შუქდება და ონლაინ თუ ბეჭდურ მედიაში ინტენსიურად იწერება სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემების, საექიმო შეცდომებისა თუ მედიკოსთა მხრიდან გამოჩენილი დანაშაულებრივი გულგრილობის შესახებ, რომელსაც ხშირად პაციენტის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა ეწირება.
საინტერესოა რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 2023 წლის 3 ივლისს დაამტკიცა.
რეგულირების სააგენტოსთვის მანდატის გაზრდა დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა. მათ შორისაა ახლახან გარდაცვლილი პაციენტის ზურაბ მელიქიშვილის მეუღლე ეთერ ბერიძეც, რომლის ავტორობით „ასავალ-დასავალში“ (29 მაისი - 4 ივლისი #25) გამოქვეყნდა ღია წერილი სათაურით: უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი მკვლელია!
„მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაში დაიწყო ძირეული ცვლილებებისა და მხილების დრო“, - აცხადებს გარდაცვლილი ზურაბ მელიქიშვილის მეუღლე ეთერ ბერიძე და დასძენს:
- პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. საქართველოში მრავალი ღირსეული ექიმი გვყავს და ყველას ჩირქი არ უნდა მოსცხოს მავანთა გამოუსწორებელმა შეცდომებმა და გულგრილობამ, რასაც პაციენტთა სიცოცხლე ეწირება და შემდეგ გავლენიანი მფარველების დახმარებით, კარგად იფუთება.
- ქალბატონო ეთერ, მოგვიყევით, რა გახდა თქვენი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი და რატომ დასჭირდა მას საბედისწერო ოპერაცია?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახს ფინანსურად არ უჭირს და თავისუფლად შეგვეძლო, ჩემი მეუღლე სამკურნალოდ თურქეთში წაგვეყვანა, საქართველოში, კერძოდ კი „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალში, უროლოგ გურამ ქარაზანაშვილთან გადავწყვიტეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის გაკეთება. ამ კლინიკას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს საკონსულტაციო კაბინეტები, რათა რეგიონებიდან პაცოენტები მოიზიდონ. ჩვენ ბათუმში ვცხოვრობთ და გურამ ქარაზანაშვილის ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბათუმში, ჩემი მეუღლე, მეზობლის რჩევით, მასთან კონსულტაციაზე მივიდა. ქარაზანაშვილმა მას უთხრა, რომ ესაჭიროებოდა ოპერაცია და 7 თებერვალს წინასაოპერაციო ანალიზების ასაღებად დაიბარა, ხოლო 8 თებერვალს ოპერაციის დღე დაუნიშნა. ჩემს მეუღლეს დატვირთული ანამნეზი ჰქონდა, რის შესახებაც მოუყვა ექიმს. ისიც უთხრა, რომ თურქეთში ერთ-ერთი გამოკვლევის ჩატარების დროს, როცა გამოიყენეს ნარკოზი, გონებისკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა ქარაზანაშვილმა ამ ფაქტს არსებითი ყურადღება არ მიაქცია და მისთვის არც გამოკვლევების შედეგები მოუთხოვია. ფაქტიურად ჩემი მეუღლე, ზურაბ მელიქიშვილი გურამ ქარაზანაშვილის გულგრილობას ემსხვერპლა!
- ოპერაციის მსვლელობისას ან პოსტოპერაციულ პერიოდში მოსალოდნელ რისკებზე ექიმს თქვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია?
- რასაკვირველია, არა. ძალიან ვნერვიულობდით და ჩვენმა შვილმა ბესიკ მელიქიშვილმა დამატებით აუხსნა ექიმს, რომ პაციენტს 1997 წელს მოსკოვში, სკლიფასოვსკის ინსტიტუტში ჩატარებული ჰქონდა ანევრიზმის ურთულესი ოპერაცია და ჩადგმული ჰქონდა თავში კლიპსი. შემდგომ ის, რომ 2018 და 2019 წლებში საძილე არტერიებში ჩასმული ჰქონდა სტენტი. რომ 2021 წელს კლინიკა „პინეოში“ ჩატარებული ჰქონდა კვლევა, რომლის დიაგნოზი იყო სისხლის მიმოქცევის მოშლა უკანა ცირკულაციაში, საძილე არტერიების სტენტირების შემდგომი მდგომარეობა, ცერებრული არტერიის კლიპირების შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია. რომ 2022 წლის იანვარში ჩაუტარდა გულის სისხლძარღვების სტენტირება, აგრეთვე ის, რომ იყო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს მეუღლეს წინასაოპერაციო ანალიზები აუღეს, გადაახდევინეს ოპერაციის საფასურის, გარდა კიდევ 2000 ლარი, ე.წ. აყვანილი ექიმის, როგორც თავად უწოდებენ - მსოფლიოში აღიარებული პროფესორის გურამ ქარაზანაშვილის მომსახურების თანხა და დანიშნეს ოპერაცია საერთო ნარკოზით და არა სპინალური გაუტკივარებით. როგორც აღმოჩნდა, მოსალოდნელ დადებით შედეგს გაცილებით აჭარბებდა რისკები. საუბედუროდ, ოპერაციის მსვლელობის დროს ჩემს მეუღლეს გული გაუჩერდა და კომატოზურ მდგომარებაში ჩავარდა. ოპერაცია არ დასრულებულა და არც ჩვენთვის მოუწვდიათ რეალური ინფორმაცია, რა მოხდა ოპერაციის მსვლელობის დროს და რამ გამოიწვია პაციენტის გულის გაჩერება.
- რა გახდა თქვენი ოჯახის წევრებისა და გურამ ქარაზანაშვილის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, რომელიც შესახებაც რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში განთავსებული ყველა კლინიკის მედ-პერსონალი დღემდე საუბრობს?
- ჩვენ დაგვიმალეს, რა მოხდა ოპერაციის მსვლელობისას. ძალიან მსუბუქ ფორმებში გვითხრეს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა ოპერაციის დროს. არ ვიცოდით, რომ ზურაბი კომაში იყო და ველოდებოდით მის ნარკოზიდან გამოსვლას. 4 დღის შემდეგ ძალიან მორიდებულად მოვითხოვეთ პაციენტის სრული ისტორიის ასლი, რათა გადაგვეგზავნა სტამბოლში, სადაც პაციენტს ჩატარებული ჰქონდა კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და უროლოგიური კვლევები. ისტორიას ვითხოვდით ერთადერთი მიზნისათვის, რომ სტამბოლის კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმები გაცნობოდნენ და ერთობრივი კონსილიუმით დაეგეგმათ მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა ან თავიანთი ხედვა და რეკომენდაციები მიეწოდებინათ ქართველი ექიმებისთვის. ჩვენდა გასაკვირად, „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალმა არაფრით არ მოგცა ისტორია. ალბათ, იფიქრეს, რომ ჩივილს ვაპირებდით. ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ გურამ ქარაზანაშვილმა პირდაპირ მოგვახალა, არ გაძლევთ ისტორიას და მორჩაო! თავის კაბინეტში, სადაც მისი ძმა ლევან ქარაზანაშვილიც იმყოფებოდა, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს შვილებს. უყვირა, ისტორიას არ გაძლევთ და ახლა აქედან გაა...ვითო!
- ამ ექიმისთვის, როგორც პაციენტებისა და მისი კოლეგებისგან ვიცით, უცხო არ არის მსგავსი საქციელი...
- ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ამგვარი ქცევა ექიმისგან, ასეთი შეურაცხყოფა და აგრესია. სწორედ მისი გაუგონარი შეურაცხყოფისა და აგრესიის გამო მოხდა შეხლა-შემოხლა, რომელიც ყველამ გაიგო. ქარაზანაშვილმა პოლიციაშიც გვიჩივლა. ისეთი გამწარებულები ვიყავით, სიკვდილის პირას მიიყვანეს ჩემი მეუღლე, უკადრებელი გვაკადრა და კიდევ ჩემი შვილების ციხეში ჩაყრა მოინდომა. გურამ ქარაზანაშვილს, ვფიქრობ, იმ მომენტში ნარკოტიკი ჰქონდა გაკეთებული, ისეთი აგრესული იყო. ჩემამდე არ დადის, გაუბედურებული პაციენტის პატრონებს, რომლებიც ისტორიას ითხოვენ, ექიმმა ასეთი სიტყვა როგორ უნდა აკადროს! აქეთ იყო დიდგულზე, ჩვენი დაშინება მოინდომა და პოლიციაში განაცხადება დაწერა. გულწრფელად მეცოდებიან ასეთი ადამიანის ხელში მისი თანამშრომლები.
- ქალბატონო ეთერ, ამ დაპირისპირების შემდეგ მაინც გამოიტანეთ კლინიკიდან ისტორია?
- სანამ ისტორია თავიდან არ გადაწერეს, კიდევ ორი დღე გაწელეს. ყოველწუთას კი არ ვწერთო, ჯერ ყველაფერი არ გვიწერიაო და ასე იმართლებდნენ თავს. როცა პაციენტის რეალური მდგომარება გავიგეთ, შემდეგ მივმართეთ რეგულირების სააგენტოს განცხადებით. 4 თვეზე მეტია, რაც რეგულირებას მივმართეთ, თუმცა დღემდე პასუხი არ მიგვიღია. მინდა, ჩემი გამოტანილი ისტორია შეადარონ კლინიკიდან ამოღებულ ისტორიას და ეს საქმე მიუკერძოებლად გამოიძიონ ექსპერტებმა. ისეთი ცვლილებები ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროში, იმედი მომეცა, რომ რეალურ დასკვნას დადებენ!
ჯოჯოხეთური ერთი თვე გამოგვატარა ქარაზანაშვილმა. კლინიკაში აღარ გვაჩერებდნენ. რკინიგზის საავადმყოფოს შესასვლელში ვიკრიბებოდით, იქ ვათენებდით და ვაღამებდით, მანქანებში გვეძინა. კარისკაცებს ავალებდნენ, ჩვენს გაყრას შენობის შესასვლელიდანაც კი. მაქსიმალურად გვავიწროვებდნენ. ტელეფონზეც აღარ გვპასუხობდნენ, ავადმყოფის ამბის გასაგებად რომ ვრეკავდით. ინფორმაციულ ვაკუუმში გვამყოფებდნენ. მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გვაძლევდნენ ინფორმაციას და ავადმყოფის ნახვის საშუალებას. 5 წუთით გვიშვებდნენ. მერე ოფიციალურ წერილებს გვწერდნენ და გვაიძულებდნენ, რომ ჩვენი ძალებით წაგვეყვანა სხვა კლინიკაში ავადმყოფი. მხოლოდ სამინისტროს მხარდაჭერით შევძელით ჩემი მეუღლის გადაყვანა სხვა კლინიკაში.
- ქალბატონო ეთერ, რომელ კლინიკაში გადაიყვანეთ თქვენი მეუღლე და იქაური ექიმებით თუ ხართ კმაყოფილი?
- ფაქტიურად მკვდარი გაგვატანეს „ემ ემ ტე“ ჰოსპიტალიდან ჩემი მეუღლე. მოუვლელეობისგან უზარმაზარი ნაწოლი ჰქონდა ზურგზე, დამართეს ჰოსპიტალური ინფექცია და გაანადგურეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ თან გადაჰყვნენ თბილისის ცენტრალური საავამყოფოს ექიმები ჩემს მეუღლეს, ვეღარაფერი ვუშველეთ. ავადმყოფის ნახვის საშუალებას ყოველდღე გვაძლევდნენ, ერთი საათი გვტოვებდნენ. ყველა არ არის ექიმობის ღირსი. ექიმი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს.
- დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ? თქვენი აზრით, შეძლებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამართლიანი და დროული დასკვნის დადებას ზურაბ მელიქიშვილის საქმეზე?
- მჯერა სამართლიანი გამოძიების. მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაში დაიწყო ძირეული ცვლილებებისა და მხილების დრო. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ერთი რაც ზუსტად ვიცი, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და გავარკვევ სიმართლეს, რატომ დაიღუპა ჩემი მეუღლე, ვისი ბრალეულობით იყო გამოწვეული მისი სიკვდილი. ღია წერილში, რომელიც გასულ თვეს თქვენს გაზეთში გამოვაქვეყნე, პირდაპირ ვამბობდი და დღესაც იმავეს ვფიქრობ, რომ კარდიოლოგი მაია ღავთაძე და ანესთეზიოლოგი ნათია კეშელავა არაკვალიფიციურები და მკვლელები არიან! უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი მკვლელია! დასკვნა, პირველ რიგში, გამოიტანოს საზოგადოებამ, იმსახურებს თუ არა პატივისცემას ექიმი, რომელიც მის მიერ გაუბედურებეული პაციენტის ოჯახის წევრებს უშვერი სიტყვებით მიმართავს, ფიზიკურად უპირისპირდება და მერე პოლიციაში უჩივის!
აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ღირსეულ ქართველ ექიმებს: რეანიმატოლოგ თამარ გოგიჩაიშვილს; ნევროლოგ სანდრო ცისკარიძეს, ნეირო-რეანიმატოლოგ დავით კაზეიშვილს, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ირაკლი გოგოხიას, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგ ლაშა გელაშვილს, ანესთეზიოლოგ-
რეანიმატოლოგ კახა ნურალიძეს, არითმოლოგებს, გიორგი პაპიაშვილსა და ზვიად მათოშვილს!
ესაუბრა მეგი საჯაია