logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა კიშინეუში საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
- +

4 ივლისი. 2023. 19:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკური განვითარების და გაციფროვნების მინისტრ დიმიტრუ ალაიბასთან.

საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ამ კუთხით დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მხრივ განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.

ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება - პირველად ის თბილისში 2017 წელს ჩატარდა. ამჯერად მოლდოვაში მიმდინარე სხდომას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მასპინძელი მხრიდან კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის განვითარებისა და გაციფროვნების მინისტრი დიმიტრუ ალაიბა ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმაა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, მათ შორის: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ სექტორებში თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს.

ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საერთაშორისო, გეოპოლიტიკურ ვითარებას და კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოლდოვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მუშაობენ - კერძოდ, ეს არის საერთო საგარეო-პოლიტიკური მისწრაფება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები მალე შეუერთდებიან ევროპულ ოჯახს. დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩვენი მეგობრობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან წვლილს თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამასთან, აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოცულობის გაზრდით როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ლევან დავითაშვილმა მოლდოველ კოლეგას საქართველოში არსებული სანდო, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამასთან, ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია.

საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: მემორანდუმი ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის; ასევე ინვესტ მოლდოვას სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ექსპორტის ხელშემწყობი აქტივობების გაღრმავების მიზნით.

საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner