პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს. 7 სექტემბრის პლენარული სხდომის გამართვის საკითხთან დაკავშირებით ხვალინდელ ბიუროზე იმსჯელებენ.
„ხვალ ბიუროს სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნება. ბიუროზე ასევე მსჯელობა იქნება 7 სექტემბრის პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეიკრიბება, რადგან არის წინასაარჩევნო პერიოდი და დეპუტატები წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არიან. ვხედავ იმის ალბათობას, რომ პარლამენტი შესაძლოა ვერ შეიკრიბოს", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა ის უფლებამოსილია, შეიკრიბოს და განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.
მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაა.