2023 წლის 5 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო ანკარიდან. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე დაჯილდოებულია საქართველოს საელჩოს დაკვეთით თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ მოჭრილი საიუბილეო მედალიონით.
აღსანიშნავია, რომ ამ მედალიონის იდეა ეკუთვნის თავად ბატონ გ. ჯანჯღავას. სულ მოიჭრა 30 ერთეული და ამ დროისთვის, ბატონი ელჩის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო ოფიციალურად გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება რეჯებ თაიპ ერდოღანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჩავუშოღლუს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს და ორი ქვეყნის სხვა უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებს.
მედალიონის რამდენიმე ეგზემპლარი უკვე ინახება თურქეთისა და საქართველოს დიპლომატიურ მუზეუმებში.
ჯილდოს გადაცემის ოფიციალური პროცედურა თურქეთის რესპუბლიკაში შედგება.
მადლობას მოვახსენებთ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას და ჩვენს დიპლომატიურ მისიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივ მხარდაჭერისა და თანადგომის გამო. როგორც ცნობილია, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართულ-თურქული ურთიერთობების კვლევა და წლებია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს „თურქოლოგიის“ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა.