ავტორი თამუნა კიკალიშვილი
2023 წლის გაზაფხულზე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს არაერთ ქალაქში კონცერტები და მასტერკლასები ჩატარდა. ამ პროექტში ჩართული იყვნენ პლატფორმა „Close To Music“-ის გუნდის წევრები. ზოგადად მუსიკაზე და კერძოდ ამ პროექტზე გვესაუბრება „Close to Music“-ის დამფუძნებელი, პიანისტი მარიამ კუპრეიშვილი:
- მუსიკა ჩემს ცხოვრებაში პირველად 20 წლის წინ შემოვიდა და მას შემდეგ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მე როგორც პიანისტი ვცდილობ კლასიკური მუსიკის მეშვეობით გადმოვცე საკუთარი ემოციები და ადამიანებს ჩემი შეხედულებები ასე გავუზიარო. საინტერესო და წარმატებული პროექტების პარალელურად მუდმივად დამყვება იმაზე ფიქრი, რომ კლასიკურ მუსიკას მეტი პოპულარიზაცია ნამდვილად სჭირდება, რათა ახალი თაობა აქტიურად ჩაერთოს და დაინტერესდეს. პირველი იდეა მუსიკის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა რეგიონებში მასტერკლასების ჩატარება იყო, რომელიც საკუთარი სურვილით და ძალისხმევით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვახორციელე.
სწორედ ერთ-ერთი მასტერკლასის დროს სვანეთში ეს შესანიშნავი იდეა დაიბადა და მივხვდი, რომ ამ ბავშვებთან ერთჯერადი კომუნიკაცია მხოლოდ დროებითი სტიმული იქნებოდა. საჭირო იყო კლასიკური მუსიკის მეტად ხელმისაწვდომობა და გაციფრულება.
- როდის შეიქმნა პლატფორმა „Close To Music“ და რა მიზნით?
- 2022 წლის დასასრულს შეიქმნა პლატფორმა „Close To Music“, რომელიც აერთიანებს ქართველ პროფესიონალ კლასიკოს შემსრულებლებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, დაჯავშნოს მუსიკოსი ღონისძიებისთვის, მოისმინოს მისი შემოქმედება და ასევე შეისწავლოს კლასიკური მუსიკა მისთვის სასურველ მასწავლებელთან. ამ პლატფორმაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ლოკაციიდან და მუსიკის შესასწავლად არანაირი ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
- კულტურის სამინისტროს ერთად თქვენ ჩაატარეთ კონცერტები სხვადასხვა ქალაქში. როგორ ჩაიარა ამ ღონისძიებებმა?
- 2023 წლის მარტში, აპრილში და მაისში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით „Close To Music“-ის გუნდის წევრების ჩართულობით საქართველოს არაერთ ქალაქში კონცერტები და მასტერკლასები ჩატარდა. ამ ყოველივემ გააერთიანა ძალიან ბევრი მუსიკოსი და მე, როგორც ერთ-ერთი პიანისტი, ბედნიერი ვიყავი, როდესაც ახალი თაობის მუსიკოსებს ვხვდებოდი და გამოცდილებას ვუზიარებდით.
მომავალში, ვფიქრობ, ბევრი მსგავსი შეხვედრა და კონცერტი გაგვაერთიანებს. ჩვენი კონცერტები არა მხოლოდ სასურველ დარბაზებში, არამედ სწორედ რეგიონებშიც აქტიურად უნდა ჩატარდეს, რათა ხმა მივაწვდინოთ და გავაღვივოთ სურვილი, რომ დაეუფლონ საქმეს, რომელიც ცხოვრებას ნამდვილად უკეთესს ხდის და აბედნიერებს.