საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის წარდგენისას ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარია საფუძველი ჩაუყაროს ნორმალურ ურთიერთობებსა და პოლიტიკას.
„ჩვენთვის მთავარია, დავასრულოთ სიძულვილი და საფუძველი ჩავუყაროთ ნორმალურ ურთიერთობებს, ნორმალურ პოლიტიკას. თუნდაც, ავიღოთ მეზობლებთან მიმართებაში - დიახ, ჩვენ გვაქვს უმწვავესი პრობლემები, ოკუპაციის პრობლემა, ათასობით ადამიანი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, ჩვენს ემოციებს გადავაყოლოთ მათი მომავალი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი მომავალში, თავიდან ავიცილოთ რისკები. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური, მშვიდი მომავლის პერსპექტივა, რათა ადამიანები, დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმის დროს არ უყურებდნენ წინა საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუს, თუ როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ ფიქრობდნენ იმაზე, რა გააკეთონ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ და ასეთი საქართველო გვინდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.