„ტოუს" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და თანამედროვე შორსმსროლელი ჰაუბიცები ორფოლოს ბაზაზე
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, რასაც სამხედრო ექსპერტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის თქმით, ნებისმიერი დიდი თუ პატარა მასშტაბის ქართულ-ამერიკული წვრთნები დადებითად აისახება შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ორფოლოს სასროლეთზე უკვე დაიწყო.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
სამხედრო წვრთნების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება.
სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს დასრულდება.
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შესვლას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით დადებითად აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები.
ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამ წვრთნებით, ქართველი სამხედროები გაეცნობიან ახალი ამერიკული სისტემების მოქმედებას. ასევე ერთობლივი სწავლელების დროს დაიხვეწება ურთიერთთანამშრმლობა საველე რიგებში.
„ეს წვრთნა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს გარდა, აშშ-ის საზღვაო ქვეითები და ნატოს წევრი შავიზღვისპირა ქვეყნები - რუმინეთი, ბულგარეთი და ასევე უკრაინა. უკრაინა პრორუსულ ძალებთან ომშია ჩართული, ამიტომ ეს წვრთნები მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
თანაც ეს სწავლება პირველად ტარდება ორფოლოს ბაზაზე, მანამდე ვაზიანზე ტარდებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოყენებული იქნება სხვადასხვა ახალი ამერიკული საბრძოლო სისტემა, რომელიც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არ ჩამოუტანიათ. მათ შორის "ტოუს ტიპის" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპელქსები და თანამედროვე შორსმსროლელი ჰაუბიცები.
ქართველი სამხედროები გაეცნობიან ამ ამერიკული სისტემების მოქმედებას. ასევე ერთობლივი სწავლელების დროს დაიხვეწება ურთიერთთანამშრომლობა საველე რიგებში", - ამბობს „მთელ კვირასთან" საუბრისას ალადაშვილი.
„ნებისმიერი დიდი თუ პატარა მასშტაბის სწავლება დადებითად აისახება შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე", - ამ მოსაზრებას კი ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე გამოთქვამს. მისი თქმით, ასეთი წვრთნები საქართველოს უდავოდ წაადგება.
„რა თქმა უნდა, ამ სწავლებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და გამოხატავს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების კურსის გაგრძელებას. შესაბამისად, ყოველი ასეთი სწავლება გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას.
აღნიშნულ სწავლებას მოჰყვა შეფასებები, რომ ამ წვრთნებით, აშშ რუსეთს სიგნალს უგზავნის. ხოლო რუსეთი საპასუხოდ დაუგეგმავ სწავლებებს ატარებს, როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქში, ასევე მთელი რუსეთის მასშტაბით.
უნდა შევეჩვიოთ, რომ შოიგუს პერიოდის არმია განსხვავდება სერდიუკოვის პერიოდის არმიისგან და როგორც გეგმური, ასევე დაუგეგმავი სწავლებები და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწავლებების ინტენსიობა იმაზე მეტია, ვიდრე სსრკ-ის დროს იყო.
რუსეთის დაუგეგმავ სწავლებებს საქართველოზე მეტად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს დავუკავშირებდი, სადაც ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება და მთელი რეგიონის გეოპოლიტიკური სტრუქტურა კარდინალურად იცვლება.
შესაბამისად, რუსეთის ასეთი მასშტაბური სწავლებები უკავშირდება როგორც საკუთარი არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, ასევე მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ ძალის დემონსტრირებას.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი სწავლებები ყოველწლიურად ტარდება და მათ უნდა მევცეთ გეგმური წვრთნების შეფასება და არაა საჭირო გამომწვევი განცხადებების გაკეთება.
საქართველო ამ წვრთნებით არავის უგზავნის სიგნალს, ის დაკავებულია საკუთარი არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებით. არმიაში უამრავი პრობლემა არსებობს და მათი მოგვარება მეტი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს. სიგნალებს კი, თუ საჭირო იქნება, სწავლების მეორე მონაწილე, აშშ გაუგზავნის", - გვითხრა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ეს წვრთნები რუსეთისთვის მიუღებელია, თუმცა იგი ამ ეტაპზე ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან რამე საპასუხო რეაქციას გამორიცხავს.
„ადრეც ვწერდი, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ წავა სამხედრო მოქმედებებზე საქართველოს წინააღმდეგ, არაა მაგის ინდიკატორები და არც საბაბი აქვთ რამე. ხოლო რა იქნება ოქტომბერში, ჩვენი და აშშ-ის არჩევნების შემდეგ, ცოტა მოგვიანებით შეგვეძლება მისი გაანალიზება.
ეს ყოველწლიური გეგმური სწავლებაა. გახსოვთ მემორანდუმი, რომელიც საქართველოს და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სხვა, გაცილებით მაღალ ფაზაზე გადავიდა. ეს სწავლებების ინტენსიობასაც ითვალისწინებს", - უთხრა „მთელ კვირას" სალუქვაძემ.