საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოოპერატივები, რადგან ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება, ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ კარგავს საკუთრებას მიწასა და ქონებაზე.
„კოოპერატივი ძვირფასია ჩვენთვის, რადგან კოოპერაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ საკუთრებას და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის ქვეშ ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ კარგავს საკუთრებას თავის მიწასა და ქონებაზე. ამ მიდგომის შედეგად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ორი დღის წინ, მე შევხვდი 150 სრულიად ახალ ფერმერს, რომლებმაც ამ პროგრამების შედეგად შექმნეს ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები. ვიღაცები იკითხავენ, სად არის ქარხნები, საიდანაც ბოლი ამოდისო. ძალიან მნიშვნელოვანია და არაფრით ნაკლებია მეცხოველეობის ფერმა, ყველის ახალი საწარმო და ა.შ. 150 ასეთი ადამიანი, ზოგიერთი - მსხვილი, ზოგიერთი წვრილი ფერმერი საუბრობდა იმაზე, როგორ დაიწყეს ნულიდან ახალი ცხოვრება, შექმნეს ახალი საწარმო და როგორ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, არამედ ასაქმებენ ათობით და ასობით ადამიანს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.