logo_geo
eng_logo
საქართველოში ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
- +

6 ივლისი. 2023. 22:02

"იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი შეაჯამა. ფორუმი თემაზე „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა," - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მონაცვლეობით საქართველოსა და გერმანიაში გაიმართება, რაც ორ ქვეყანას შორის მდგრადი და შეუქცევადი სამართლებრივი თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის შარშან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამეცნიერო სფეროს.

ფორუმის ფარგლებში ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელათ სამართლის დარგში დღეს არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე, საინტერესო რეფორმებზე, ინოვაციებსა და ახალ საერთო ინიციატივებზე. ფორუმმა შექმნა მყარი სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ფორუმის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა: საქართველოსა და გერმანიის სამართლებრივი სისტემების ინსტიტუციური ორგანიზება; საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოება; ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება; აკადემიური წრეების როლი პოლიტიკის შემუშავებასა და მეცნიერებაზე დაფუძნებულ კანონშემოქმედებაში; პენიტენციური და პრობაციის სისტემების პროფესიული განვითარება.

ქართულ-გერმანულ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომებსა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ ღონისძიებებს. გერმანული მხარისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და „ციფრული უნივერსიტეტი“.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმზე გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner