„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.