ავტორი ბიძინა დვალი
მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორის, ჯონ დარემის ანგარიში, რომლის თანახმად, „დონალდ ტრამპისა და მასთან დაახლოებული პირების რუსეთთან რაიმე კავშირი არ დასტურდება“. უფრო მეტიც, ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, „რადგან ამისთვის დაუდასტურებელი სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენეს“.
... და ეს ხდება „დემოკრატიის ციტადელში“...
„დემოკრატიის მამებმა“, წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიო აცხოვრეს იმ დიდ ტყუილში, რომ დონალდ ტრამპი, ჯერ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ, როგორც პრეზიდენტი და ბოლოს, როგორც ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი, მტრული რუსული ზურგით, საფრთხის ქვეშ აყენებდა მსოფლიო პოლიტიკის უდიდეს მონაპოვარს, „ამერიკულ დემოკრატიას“.
აღნიშნული დასკვნა განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სრულყოფილი შეფასებისთვის: აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირის ვერდიქტმა მკაფიო პასუხი გასცა ეჭვებს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტისახელისუფლებო ისტერიული კამპანია, საერთო სახელწოდებით - „რუსული ოცნება“, ამერიკის სპეცსამსახურების ლაბორატორიებშია შემუშავებული და გლობალური ომის პარტიის თბილისის შტაბიდან, ამერიკის საელჩოდან არის მართული. ამ კამპანიის ყველაზე უტიფარი და უნამუსო გამოვლინება, უშუალოდ ელჩის მიერ, ბოლო ხმაზე „რუსული კანონის“ ძახილი იყო.
მთელ მსოფლიოში მთელი ძალით მძვინვარებს ძველი, „ბნელი რომ იყო ადამიანი“, იმ ეპოქების დროინდელი მანკიერი პრაქტიკა - „მიზანი ამართლებს საშუალებებს“. ბოლო წლების მოვლენათა განვითარებას თუ ობიექტური თვალით შევხედავთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ დემოკრატია მძიმე სენით არის ავად. ამ ავადმყოფობის სახელია ფაშისტურ-ლიბერალური მოძრაობა, რომელიც შავი ჭირივით მოედო მთელ „დასავლურ სამყაროს“.
მსოფლიო პოლიტიკის მამებისთვის დონალდ ტრამპს და საქართველოს ხელისუფლებას „ჩანასახშივე“ აქვთ ერთი საერთო „ნაკლი“ - ორივესთვის ქალი ქალია, კაცი კიდევ კაცი. აქედან იწყება ყველაფერი...
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დემოკრატიის სახელით დემოკრატიის განადგურების მედროშე დღეს ამერიკის მმართველი პარტიაა. ყოველ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს სამყაროს თავდაყირა დაყენების სასტიკი, არაადამიანური, უფრო ზუსტად კი, ანტიადამიანური ექსპერიმენტი.
„ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის პასუხი „თანამედროვე მოთხოვნების“ საფუძველზე აღმოცენებულ ყველა „რთულ“ კითხვაზე კვლავაც რჩება ტრადიციული - „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ღირსება...“
ბიძინა დვალი
07.07.2023 წ.