საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ იგი, როგორც მოქალაქე, ყველაზე მკაცრად აკონტროლებს ხელისუფლებას.
„მე, როგორც მოქალაქე, გახლავართ ყველაზე მკაცრი კონტროლი ამ ხელისუფლების! რჩევებს, უფრო მეტს სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე ამას კვირიკაშვილი საჭიროებს. „ქართული ოცნება" არ არის დოგმა, რომელზეც მე ვოცნებობ, მაგრამ ის არის ერთი, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის მართვა და ამიტომ ვუჭერ მხარს. სააკაშვილი მადლობას როცა მიხდიდა, ვეუბნებოდი, მადლობას ნუ მიხდი, ამას საშენოდ არ ვაკეთებ. სანამ ქვეყანა სწორი გზით მიგყავს, გვერდში დაგიდგები და თუ გადაუხვევ გზიდან, პირველი მე დაგიდგები წინ და მოხდა კიდეც ასე. თუ რაიმე მიუღებელი იქნება, არ არსებობს, არ გამოვიდე და არ ვთქვა. არავინ იფიქროს საზოგადოებიდან, „ქართულ ოცნებაში" ამის ეჭვიც არ აქვთ, რომ თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავენ, პირველი მტერი მე ვიქნები, პირველი მე ვიტყვი ამას!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.