პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ზაზა რუხაძის დასახელებას გამოეხმაურა.
ბესელიას თქმით, „ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატს კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ზაზა რუხაძეს და ვიცი მისი მაღალი კვალიფიკაცია, ვფიქრობ, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის თავისი კანდიდატი ეყოლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების არჩევა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვისურვებდი, 30 სექტემბერს, როცა 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად იყოს დაკომპლექტებული, ვეჭვობ, რომ შესაძლებელი იყოს იმ წევრის არჩევა, რომელიც პარლამენტის კვოტაა და 76 ხმა სჭირდება. რასაკვირველია, კარგად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვინდა, რომ სრულფასოვნად და მაღალი ლეგიტიმაციით იყოს სასამართლო დაკომპლექტებული, ამიტომ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. ჩვენ გვექნება სამუშაო პროცესი, როდესაც დავასახელებთ კანდიდატს, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან, თუმცა ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, ეს მოხდება თუ არა სექტემბერში, ვინაიდან, გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდიდან, მაღალი კვორუმის მობილიზება პარლამენტში რთული იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარდგენის უფლება გამოიყენა და პარლამენტს ასარჩევად ზაზა რუხაძე შესთავაზა.