logo_geo
eng_logo
შსს-ს ცნობით, ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი მაშველებმა ზღვაში, ნაპირიდან 2 კმ-ის მოშორებით ნახეს - ფაქტზე 3 ადამიანია დაკავებული
- +

7 ივლისი. 2023. 19:45

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით ნახეს.

ლ.ა.-ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წელს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. - მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანმხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა.-ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner