ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განვლილი 4 წელი შეაჯამა. მისი თქმით, დღეს მოქალაქეები თავისუფლები არიან და მათ აღარავინ დევნის განსხვავებული აზრის გამო.
„მე მეამაყება, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან თავისუფალი. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აშანტაჟებენ.
ძალიან მოკლე დროში დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის მართვა შესაძლებელი ყოფილა რეპრესიების, ტერორისა და ადამიანების ჩაგვრის გარეშე.
გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ისეთი მთავრობები, ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს შეურაცხყოფას მიაყენებენ და გათელავენ მათ ღირსებას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველა ჩვენი გადადგუმული ნაბიჯი არის განპირობებული თქვენი და სამშობლოს სიყვარულით", - აღნიშნა კახა კალაძემ.