საქართველოს პრეზიდენტი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების ჩაშლას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაირღვა.
„ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული ადგილიც და პირობებიც, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცველ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. შეკრების უფლების დაცვა სწორედ, რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.