ავტორი თაკო კვარაცხელია
„81 წლის გავხდი, თუმცა, იმდენი რამე მაქვს ჩაფიქრებული და გასაკეთებელი, წლების თვლაზე დროს ვერ დავხარჯავ! მაგრად მეხალისება ყველაფერი, რასაც ვაკეთებ! ასაკს მოუკვდა პატრონი... ჩემხელებო და მითუმეტეს, ახალგაზრდებო, წუწუნი არ გამაგონოთ, სადაა ვიშვიშის და დარდის დრო?! გაიღიმეთ!“ - ეს ფეისბუქ-სტატუსი ანგლისტს, მთაგმნელს, პედაგოგსა და ჟურნალისტს, ნუგზარ რუხაძეს ეკუთვნის. ასეთი ოპტიმისტური და სიცოცხლის სიყვარულით სავსე წერილის შემდეგ, ვფიქრობ, დაწვრილმანება აღარ დამჭირდება, თუ რა თემაზე ვისაუბრებთ დღეს, ჩვენს სტუმართან ერთად...
- ბატონო ნუგზარ, სანამ პირველ შეკითხვას დაგისვამთ, მინდა საკუთარ თავზე პატარა ისტორია მოგიყვეთ... 30 წელს რომ გადავაბიჯე, ცოტა არ იყოს, ასაკობრივმა დეპრესიამ შემომიტია, რამდენი რამის სწავლა მინდოდა, რამდენი ოცნების ასრულება და ვერ მოვასწარი-თქო. დამასევდიანა საკუთარმა ასაკმა და ვიფიქრე, რომ რაღაც ახლის შესასწავლად უკვე ძალიან „ხანდაზმული“ ვიყავი. სასაცილოა ალბათ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო... სულ ცოტა ხნის წინ კი, თქვენი ფეისბუქ-პოსტი შემომხვდა, რომელიც „რეპორტიორის“ მკითხველს, ინტერვიუს დასაწყისშივე გავაცანით. ოპტიმიზმით, მომავლის იმედითა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის ხიბლით გაჟღენთილი თქვენი პოსტი, რომელმაც იმ მასშტაბის მოტივაცია მომცა, რომ იმავე წამს ჩავეწერე ავტოსკოლაში და ოცნებადქცეული, მაგრამ „დაგვიანებული“ მართვის მოწმობა ავიღე... ახლა კი შეკითხვა, რომელიც ალბათ ძალიან მარტივიცაა და ძალიან რთულიც... როგორია ცხოვრება 80 წელს შემდეგ და როგორ ახერხებთ, ამ ასაკშიც არ შეუშინდეთ ციფრებს, ახალ გამოწვევებს, იყოთ ასეთი მხნე, თანამედროვე და ინოვაციური?
- რა მაგარი ისტორიაა, თაკო, გული ამიჩუყეთ! თუმცა, 30 წელი დიდი ასაკი მეგონაო, რომ მეუბნებით, მე ხომ ამით შეიძლება გული გამისკდეს?! (იცინის) 30 წელი ის ასაკია, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ემზადება მომავალი, ტკბილი ცხოვრებისთვის, რადგან ამ ასაკში ადამიანი ჯერ კიდევ აგროვებს რესურსს, როგორც ადამიანურის, ისე მატერიალურის, სულიერისა თუ კულტურულის. ჩვენს ეპოქაში, ასაკზე საუბარი და წუწუნი ძალიან ბანალურია და საერთოდ, წუწუნი ყველაზე დიდი აბსურდია, რაც შეიძლება ადამიანმა აკეთოს. ის არაფერს ასწორებს და არაფერს ცვლის, ეს მხოლოდ და მხოლოდ გულის ფხანაა და დამიჯერეთ, არ ღირს მასში დროის ხარჯვა. წუწუნმა ნერვული სისტემის საშინელი ცვეთა იცის და, ადამიანმა, რომელსაც დიდ ხანს უნდა ცხოვრება, წუწუნი გულს არ უნდა გააკაროს. უკეთესი შედეგისთვის, მოქმედება და იმ რაღაცის შეცვლაა საჭირო, რაც საკუთარ ცხოვრებაში არ მოგწონს! 81 წლის კაცმა წუწუნი რომ დავიწყო, 21 წლის ხომ არ გავხდები?.. ასე რომ, სიმხნევესა და ოპტიმიზმს უნდა მოვუხმოთ და საკუთარი რესურსის გამოყენება განვაგრძოთ. ჩემს ასაკშიც კი, ადამიანმა საკუთარი თავიცა და გარშემომყოფებიც უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ის ჯერ კიდევ საჭიროა, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და შეუძლია საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა... ადამიანმა სიგნალი უნდა გაუშვა ზეცაში, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია აკეთო საქმე, იშრომო, იღვაწო და რომ დიდხანს გინდა ცხოვრება.
- ანუ, როგორც მივხვდი, ოპტიმისტური განწყობისა და მხნეობის შესანარჩუნებლად, რწმენაც აუცილებელია?
- მე ათეისტურ ეპოქაში გავიზარდე და მაშინ მეგონა, რომ ეს საბჭოთა უბედურება იყო. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ათეიზმმა და უღმერთოებამ მთელი მსოფლიო მოიცვა და ეს მოდურიც კი გახდა. მე, როგორც ათეისტურ საწყისებზე გაზრდილი კაცი, დიდ ღვითმოსავად ვერ ვიქეცი, მაგრამ აგნოსტიკოსის დონეს მაინც მივაღწიე. ანუ, როცა მეკითხებიან, ღმერთი არსებობს თუ არაო, თავდახრილი ვპასუხობ, არ ვიცი-თქო. თუმცა, ალბათ, გულის სიღრმეში, მაინც უფრო რწმენისკენ ვიხრები... ჩემში რწმენა რომ მეტია, ვიდრე ურწმუნოება, იმაზეც მეტყობა, რომ ცოდვის ჩადენის მეშინია, მზარავს ცოდვის შიში! და თუ ადამიანს ცოდვის ჩადენის ეშინია, ე.ი. ის მორწმუნეა! სწორედ ეს ფიქრები მაძლევს ძალას, ვიმოქმედო, ვიშრომო და ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო.
- და ალბათ, სწორედ თქვენი ცოდნის სხვისთვის გაზიარების წყურვილმა შეგაქმნევინათ ინგლისური ენის შესწავლის ონლაინ პროგრამა NBR, რომელიც უკვე, როგორც ვიცი, სრული დატვირთვით ჩაეშვა მოხმარებაში...
- ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად, 65 წელია ვსწავლობ ინგლისურს (ახლაც არ გავა დღე ისე, 10-15 ახალი სიტყვა რომ არ ვისწავლო), ამ ცოდნას ახლა სხვებს ვუზიარებ. ამ პროგრამის შექმნისთვის მე და ჩემმა ძალიან მაგარმა ჯგუფმა ბევრი ვიწვალეთ, დავხარჯეთ უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები და ახლა, თამამად, 100%-იანი გარანტიით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ვინც შეიძენს ამ პროგრამას (რომლის ერთი გაკვეთილის ფასიც, სულ რაღაც ორი ლარია, ჯამში ერთი კურსი 50 გაკვეთილს მოიცავს, სულ კი, სამი კურსია), ვინც არ იზარმაცებს, შეასრულებს ჩემს მიერ მოცემულ ყველა ინსტრუქციას, ინგლისურ ენაზე ამეტყველდება!
- ონლაინ კურსის გარდა, ხართ გადაცემის წამყვანი და ინგლისურენოვან გაზეთში ყოველკვირეულად აქვეყნებთ სტატიებს... ბატონო ნუგზარ, ძილს როდისღა ასწრებთ?
- დღე-ღამეში სულ 6 საათი მძინავს და დღის გამავლობაში, ვერასოდეს ვერავინ მნახავს წამოწოლილს და ჩათვლემილს... ნამდვილად ასეა, მიმყავს გადაცემა „საერთაშორისო პანორამა“ ტელეკომპანია „პოს-ტვ“-ის ეთერში, რასაც კოლოსალური შრომა სჭირდება, ასევე ყოველკვირეულად ვაქვეყნებ სტატიებს ინგლისურენოვან გაზეთში „GEORGIA TODAY“. 20 წლის მანძილზე, უკვე 818 სტატია მაქვს გამოქვეყნებული... იცით, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შრომობ და შენი შრომით ფულსაც გამოიმუშავებ! ეს ყოველივე გაძლევს საშუალებას, ცხოვრების მაღალი სტანდარტი შეინარჩუნო და დახმარების თხოვნით ხელი შვილებს ან მეგობრებს კი არ გაუწოდო, არამედ შენი თავი თავადვე უზრუნველყო. რომ იცოდეთ, რა კარგი გემო აქვს სიბერეში გამომუშავებულ ფულს... ასჯერ უფრო ტკბილი, ვიდრე ახალგაზრდობაში!
- ბატონო ნუგზარ, თქვენ საბჭოთა ეპოქაში დაბადებული ადამიანი ხართ... სოციალისტურ წიაღში გაზრდილმა ადამიანმა, როგორ შეძელით, ასე მარტივად აგეღოთ ალღო კაპიტალისტური ცხოვრების წესისთვის, უმაღლეს დონეზე შეგესწავლათ ინგლისური, კარიერა აგეწყოთ აშშ-ში და უკან დაბრუნებულს, ინოვაციური პროექტი შეგეთავაზებინათ ქართველი მაყურებლისთვის?
- იცით, მეც სულ ასეთ მამაძაღლურ კითხვებს ვუსვამ ხოლმე საკუთარ თავს (იცინის). უფულოდ არსებობა არც კაპიტალიზმში შეიძლება, არც სოციალიზმში შეიძლებოდა, ალბათ არც მონათმფლობელურ თუ ფეოდალურ წყობაში. ფულს ადამიანები სოციალისტურ ეპოქაშიც გამოვიმუშავებდით, თუმცა, მაშინ, მაქინაციების გარეშე გამდიდრება, შეუძლებელი იყო. ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა პროფესორს და აკადემიკოსს (რომლის შრომაც ნამვილად ძალიან ფასდებოდა საბჭოთა კავშირში) და თუკი ვიღაც არ იყო მეცნიერმუშაკი და ჰქონდა ბევრი ფული, მასზე იქმნებოდა წარმოდგენა, რომ რაღაც მოიპარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო ვაჭრობაზეა აგებული, ფულის შოვნის ერთადერთი სწორი და მისაღები ფორმაა, გამდიდრე ისე, რომ არ ავნო სხვას. თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვას მოპარავ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ფული არ შეგერგება! კი ამბობენ, თაღლითებს და ყაჩაღებს მშვენივრადაც ერგებათო, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მე არ შემერგებოდა. ისე კი, სულ მიკვირს, სხვის ხარჯზე გამდიდრებულ ადამიანებს როგორ არ ეუფლებათ ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი ცხოველური შიში, თუნდაც შიში - ციხისა?! მე მაგალითად, „ხლაფორთის“ და შარის თავი არ მაქვს (იცინის) და ვტკბები, პატიოსნად გამომუშავებული ჩემი ფულით.
- არ შემიძლია თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას არ შევეხო და არ გავიხსენო ერთი მოვლენა. დაახლოებით 10 წლის წინ, ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან ვიყავით, სადაც ყველა ჩვენგანს მოგვიწია ე.წ. სთენდ-აფის ჩაწერა. მახსოვს, ჩვენ, ახალგაზრდა, დამწყებმა ჟურნალისტებმა ჩავწერეთ ისეთი სტატიკური „სთენდ-აფები“, როგორიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლეს და როგორიც ტელევიზიებმა დაგვავალეს... თქვენ კი, ჩვენზე გაცილებით ასაკოვანმა ადამიანმა დაარღვიეთ ყველანაირი სტერეოტიპი, „სთენდ-აფის“ დროს ბევრს მოძრაობდით, საუბრობდით მიმიკებით, ჟესტიკულაციებით... დღეს ეს აღარავის უკვირს, თუმცა, 10 წლის წინ კადრში რეპორტიორის მოძრაობა ძალიან ინოვაციური და ცოტა პროვოკაციულიც კი იყო... ბატონო ნუგზარ, რას ურჩევთ ქართველ ჟურნალისტებს, როგორ უნდა მოახერხონ, იყვნენ მუდმივად ყურებადნი, თანამედროვენი და საინტერესონი?
- კარგი ჟურნალისტი საკუთარ მაყურებელთან, პირველ რიგში, უნდა იყოს მართალი და ბუნებრივი. როგორც ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ყველანაირი პრანჭვის გარეშე ესაუბრება მეორე ადამიანს, ზუსტად ისე უნდა ესაუბროს ჟურნალისტი მაყურებელს. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივობა ვერ გიშველის, თუ არ გაქვს ცოდნა, თუ თავად არ ხარ ინფორმირებული და არ გაქვს შესაბამისი განწყობა სამყაროსადმი. აი, კონკრეტულად „სთენდ-აფს“ კი, პატარა სცენიურობა და არტისტიზმი სჭირდება, ყველაზე დიდი სცენიურობა კი, ის არის, როცა ვერავინ გამჩნევს, რომ სცენაზე დგახარ! ჟურნალისტი უნდა მოსწონდეს პუბლიკას, რადგან თუ არ მოსწონხარ მაყურებელს, ის უბრალოდ გადართავს სხვა არხზე და არ გიყურებს. ქართული ტელევიზია კომერციულად მომგებიანი არაა, აი, აშშ-ში ახალი ამბები ძალიან ძვირად იყიდება და რაც უფრო კარგად გადმოსცემს ტელეწამყავნი ახალ ამბებს, მით უფრო მაღალია მისი ფასი იმიტომ, რომ საინფორმაციო გამოშვებას მოჰყვება რეკლამა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ქართველ ჟურნალისტებს ვურჩევ, ნუ იქნებიან ანგაჟირებულნი და მაყურებელს უბრალოდ მოუყვნენ ახალი ამბები. ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ მსმენელის, მაყურებლისა თუ მკითხველის ინტელექტს, რომ მათ თავად დავუტოვოთ დასკვნის გამოტანის საშუალება.
- ინტერვიუს დასასრულს კი, მინდა თქვენი ძველი სატელევიზიო ინტერვიუ გავიხსენო, სადაც ჟურნალისტს ასეთი ისტორია მოუყევით: აშშ-ში ყოფნისას, საკუთარ თავს კითხვა დავუსვიო - ARE YOU HAPPY? (ხარ თუ არა ბედნიერი) და პასუხად მივიღე - NO! (არა), რადგან ფესვებს ვიყავი მოწყვეტილი და სამშობლოს ნოსტალგია მტანჯავდაო. სწორედ მაშინ მივატოვე ყველაფერი, რაც ამერიკაში გამაჩნდა, ჩავალაგე ბარგი და საქართველოში დავბრუნდიო... აი ახლა, საქართველოში დაბრუნებიდან წლების შემდეგ, უკვე მე მინდა გკითხოთ - ARE YOU HAPPY NOW? (ახლა ხართ ბედნიერი)?
- ერთი წამითაც არ დავფიქრდები, ისე გიპასუხებთ, რომ YES, I’M HAPPY! (დიახ, მე ბედნიერი ვარ!) სამშობლოში დაბრუნებით სიცოცხლე გავიხანგრძლივე და ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ჩავთვლიდი, რომ ჩემმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა! აშშ-ში უკეთეს ბინაში ვცხოვრობდი, უკეთესი მანქანა მყავდა და უკეთესი ხელფასი მქონდა, მაგრამ იქ სამშობლოს სუნი არ მცემდა... ჩემი სამშობლოს სუნი კი, მხოლოდ აქაა, არსად სხვაგან და მე ამ სურნელში, ჩემს სამშობლოში - უბრალოდ ბედნიერი კაცი ვარ!