logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: არ იქნებოდა ურიგო, პრეზიდენტიც ასულიყო შეკრების ადგილზე, ჩაეცვა ცისარტყელასფერებიანი კაბა და ეთქვა, - დღეს მეც გეი ვარ!
- +

10 ივლისი. 2023. 10:34

 

 

პრაიდ-ფესტივალი თბილისში ვერ შედგა. პოლიციას ლისის ტერიტორიიდან „თბილისი პრაიდის“ წევრთა ევაკუაცია მოუწია. აქციის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის წევრები იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც აქცია უნდა გამართულიყო, მათი სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარი კი დაწვეს.... მოვლენებს ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ... 

 

- ბატონო ლევან, „თბილისი პრაიდი“ ვერ შედგა... თქვენი აზრით, იყო თუ არა შესაძლებელი ამ დაძაბულობის თავიდან აცილება და რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ?

 

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცოტა შორიდან დავიწყებ. საქმე ისაა, რომ ამ ხალხს რეალურად არავინ ერჩის, ისინი ჩვენს გვერდით, ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, უპრობლემოდ მოძრაობენ ქუჩებში, მუშაობენ, სწავლობენ, ყველამ იცის, სად დადიან და სად იკრიბებიან, მაგრამ მათ არავინ ერჩის, ერთ-ორ ინდივიდუალურ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით... უბრალოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მათი ცხოვრების წესის აფიშირება კატეგორიულად მიუღებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოღვაწე ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მათთვის (მღველთმსახურთათვის და მრევლისთვის) მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა. „პრაიდის“ ორგანიზატორებმა არც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა განცხადებები გაითვალისწინეს, არც საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა და კიდევ ერთხელ ჯიუტად სცადეს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ხალხისთვის თავს მოხვევა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მაღალ დონეზე იქნა დაცული მათი უსაფრთხოება, მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ ყველაფერმა ჩაიარა ინციდენტის გარეშე და არავინ დაშავებულა. ფაქტია, რომ ამ ბნელი ძალების უკან გარკვეული პოლიტიკური პარტიები დგანან და მათ გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ.

 

- ვინ დგას მათ უკან, კონკრეტული ძალები რომ დაგვისახელოთ?

 

 

- ჩვენ არაერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვიხილეთ, რომლებიც გააფთრებულები იცავდნენ პრაიდის ჩატარების იდეას. თუმცა, ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება იყო, თუმცა, აქვე დავაზუსტებ, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა.  ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის უფლებებზე საუბრობს და უგულებელყოფს მეორე მხარის პოზიციას, ასეთი პირველი პირი ხალხის თვალში კარგავს ლეგიტიმაციას.  თუკი სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია იმდენი გონება და დიპლომატია, რომ არ დარჩეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის პირველ პირად, მაშინ, მე მას ვურჩევ, უბრალოდ გაჩუმდეს.

 

- თქვენ, თქვენი ფეისბუქ-პოსტით, მას გადადგომისკენაც მოუწოდეთ...

 

- მე მას გადადგომისკენ არაერთხელ მოვუწოდე... თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას ლგბტქ ჯგუფის მიმართ, არ იქნებოდა ურიგო იდეა, თავადაც ასულიყო შეკრების ადგილზე, ჩაეცვა ცისარტყელას ფერებში გაწყობილი კაბა და ეთქვა, - დღეს მეც გეი ვარ! საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული პოლიტიკა ხორციელდება და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას. მაშინ, როცა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ სექსუალური უმცირესობების უფლებების თემა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, ძალიან რთული ხდება დაპირისპირების პრევენცია... ფაქტია, რომ ამჯერად მათი გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

 

- რომ გადავხედოთ ევროპელი ელჩების განცხადებებს... რამდენად ადეკვატური იყო მათი მხრიდან გაკეთებული მკაცრი შეფასებები და თქვენი აზრით, განვითარებული მოვლენები ხელს ხომ არ შეგვიშლის კანდიდატის სტატუსის მიღებაში?

 

- სასაცილოდ არ მყოფნის ელჩების განცხადებები, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, იმავე საფრანგეთში ხდება და რა მასშტაბის მიტინგები იმართება მათთან. უსინდისობაა, სხვა ქვეყანას მოუწოდო ისეთი რამის კეთება, რამაც შენს ქვეყანაში ამდენი პრობლემა შექმნა. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას, 8 ივლისის მოვლენებთან და ელჩების განცხადებებთან ჩვენი სტატუსის ბედი არაფერ კავშირშია. ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, ჩვენი მშვიდობა და სტაბილურობაა შესანარჩუნებელი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებია ოკუპირებული და ამ დროს, ეს თემები კი არაა მათთვის პრიორიტეტული, არამედ რაღაც არაფრისმომცემ თემებში ხარჯავენ თანხებსა და ენერგიას. საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ისე, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, ტრადიციები, კულტურა, ისტორია და ჩვენი თვითმყოფადობა... 

 

- ბატონო ლევან, მაშინ როცა ლგბტქ თემის წარმომადგენლები გარკვეულ აქციას, პრაიდსა თუ აღლუმს აანონსებენ, მეორე მხარე გამუდმებით ატარებს კონტრ-აქციას და ყოველწლიურად ვხედავთ მათ დაპირისპირებას, იმართება მუშტი-კრივი და პოლიციას უწევს პროცესებში ჩართვა.. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოვიდა დრო, ქუჩაში დაპირისპირებას ერთხელ და სამუდამომ მოეღოს ბოლო და გეი-პროპაგანდა აიკრძალოს საკანონმდებო დონეზე?

 

- კანონის მიმღები ორგანო პარლამენტია და, როგორც იცით, პარლამენტში კანონის მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. რომ მოხდეს ის, რაც ახლა თქვენ თქვით, ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ პარლამენტში წარმოდგენილნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გაიაზრებენ იმას, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენთან ჯერ კიდევ არ მოქმედებს კანონი ცილისწამების შესახებ, რაც სრული კატასტროფაა. ერთ ადამიანს შეუძლია ცილი დასწამოს მეორეს და შემდეგ ამ მეორეს, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდეს, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. რომ ის არაა მანიაკი, ნარკომანი ან კრიმინალი, ამ ხნის განმავლობაში კი, იაროს ღირსება და რეპუტაცია შელახულმა. მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში, სწორედ ესაა ამ ქვეყანაში გამოსასწორებელი და შემდეგ, ეტაპობრივად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner