"ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირების ფორმატი არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები, რათა საკითხები გადაიჭრას სწრაფად," – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟენევაში განაცხადა, სადაც მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი იმართება.
„გვაქვს როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და თუ ვინმე რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ორივე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან გვეხმარება. უკვე სამართლებრივად დადგენილია, რომ ყველა დარღვევა მიეწერება რუსეთის ფედერაციას და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცალკეულ დარღვევებსა და ინციდენტებზე კი აღარ გვიწევს საუბარი, არამედ უკვე აქტიურად ვაყენებთ იმას, რომ ესაა სისტემური პრობლემა, რუსეთის პოლიტიკის პრობლემა და საკითხები უნდა გადაიჭრას სისტემურად, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები აღსრულდეს. საერთაშორისო სამართალი არის საქართველოს მხარეს“, – განაცხადა ძამაშვილმა.