ნატოს მოკავშირეებმა ჩინეთს მოუწოდეს, თავი შეიკავოს უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევის რაიმე ფორმით მხარდაჭერისგან და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთის გაღრმავებული პარტნიორობა რუსეთთან ეწინააღმდეგება ალიანსის ღირებულებებს.
ერთობლივ კომუნიკეში ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „გამოცხადებული ამბიციები და იძულებითი პოლიტიკა“ გამოწვევას უქმნის ალიანსის „ინტერესებს, უსაფრთხოებასა და ღირებულებებს“.
„ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და მათი მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“, - ნათქვამია ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების კომუნიკეში.
„ჩინეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, დაგმოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავი შეიკავოს რუსეთის ომის ძალისხმევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.