logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა წყნეთში, უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
- +

12 ივლისი. 2023. 12:45

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

 

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

 

„პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა - მისი დაერთება მოხდა თვითნებურად.  ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

ამასთან, კახა კალაძემ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ფონზე, დეზინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

 

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ  შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner