logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა
- +

5 სექტემბერი. 2016. 18:45



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაადასტურეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მყარი მეგობრული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შემდგომ ახალი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი ურთიერთობების კიდე უფრო განვითარება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შედეგად,  ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამისათვის კი, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური თანამშრომლობის არსებული ფორმატი, „უორდროპის დიალოგი", რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა განიხილეს „დიალოგის" შემდგომი განვითარების პერსპექტივა. 


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობისათვის.  მიხეილ ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს  საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.


ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაუდასტურა საგარეო საქმეთა მინისტრს გაერთიანებული სამეფოს ურყევი, მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებელი  ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება.


მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა ბრიტანეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner