logo_geo
eng_logo
ცესკოს დელეგაცია უზბეკეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა
- +

12 ივლისი. 2023. 22:55

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს წევრებთან არჩილ ანასაშვილთან და ივანე ნორაკიძესთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა.

ცესკოს დელეგაციის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 9 ივლისს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დააკვირდნენ და უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უწევდნენ მონიტორინგს არჩევნების მიმდინარეობას.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზბეკეთის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული საქმიანობები და სიახლეები განიხილეს, ასევე კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია და შეფასებები. მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის ტაშკენტის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრებმა ამავდროულად მონაწილეობა მიიღეს ცესკოს მიერ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიისთვის გამართულ ბრიფინგში, სადაც ჩართულ მხარეებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია გაწეული სამუშაოებისა და არჩევნების შესახებ.

ცესკოს დელეგაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდა.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უზბეკეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 30 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, კონსტიტუციაში შევიდა რიგი ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასთან და მისი უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner