გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, წლების განმავლობაში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იაპონიის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და პროექტების განხორციელების პროცესში. იაპონიას აქვს უდიდესი გამოცდილება; შესაბამისად, ცოდნის გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებსა და მწარმოებლებს გაზარდონ წარმოება და პროდუქციის ხარისხი, შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება, გახდნენ კონკურენტუნარიანები და ექსპორტზე ორიენტირებულები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც შეხვედრაზე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ აღნიშნა, იაპონია-საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. იაპონური მხარე მიესალმება გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს.
„იაპონიას აქვს არაერთი მექანიზმი და სქემა, მხარი დაუჭიროს საქართველოს არსებული გამოწვევების გადაჭრაში ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის და წყლის რესურსების მართვა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. მზად ვართ, გავუზიაროთ ქართულ მხარეს ჩვენი გამოცდილება და გავუწიოთ როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დიდი პერსპექტივა აქვს მსოფლიოს, მათ შორის იაპონიის ბაზარზე. ვფიქრობ, თანამშრომლობის გაღრმავებით, დადებითი შედეგების მიღწევას ყველა მიმართულებით შევძლებთ“, - განაცხადა იშიძუკა ჰიდეკიმ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გააქტიურდეს თანამშრომლობა ტყის მდგრადი მართვის, ემისიებით ვაჭრობის, წყლის რესურსების მართვისა და ჰაერის ხარისხის გაუჯობესების, დაცული ტერიტორიებისა და ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით.