logo_geo
eng_logo
გენერალური შტაბის უფროსი „Agile Spirit 2016-ის“ საშტაბო სწავლებას დაესწრო
- +

5 სექტემბერი. 2016. 19:10



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვაზიანში „Agile Spirit 2016-ის" სამეთაურო-საშტაბო სწავლებას დაესწრო. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სწავლების დეტალებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია სწავლების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა პოლ მოგლენმა მიაწოდა.


„მოგეხსენებათ, სწავლება „Agile Spirit" გაყოფილია ორ ნაწილად. აქტიური ქმედებები მიმდინარეობს ორფოლოს პოლიგონზე, სადაც არის თავმოყრილი ძირითადი შეიარაღება და ხორციელდება მანევრი, ტაქტიკური გადაადგილებები და საცეცხლე ვარჯიშები. იმავდროულად, წარმოებს საშტაბო სწავლებები, რომელსაც ქართველი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ძალიან რთული და საინტერესო სცენარია შემოთავაზებული. გარემო პირობები არის რეალური, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჯერჯერობით რაც ვნახე, მეთაურები ფლობენ სიტუაციას, სწორ გზაზე დგანან და ეს კარგია. დანარჩენი სწავლების დასრულების დროს გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, სწავლება წარმატებული იქნება", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.


სამეთაურო-საშტაბო სწავლება საბრძოლო და სტაბილურობის ოპერაციების, ასევე, დაგეგმვის, გადაადგილებისა და ინტეგრაციის მიმართულებებს მოიცავს.


მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016"-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. „Agile Spirit 2016" სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების პრაქტიკული და თეორიული ნაწილი 9 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner