რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახი კახიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორამციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საკომიტეტო დონეზე თანამშრომლობის გამყარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიურია, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა კახი კახიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.