logo_geo
eng_logo
ნოდარ ჭითანავა: ანზორ ბურჯანაძის მეგობრები ვამაყობთ, რომ მისი თანამედროვენი ვართ!
- +

14 ივლისი. 2023. 17:01

 

 

ბატონო ანზორ! წერილის თეზისები ჩამოყალიბებული მქონდა, როცა თქვენი წიგნი მივიღე. როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. თქვენს ბიოგრაფიასთან ერთად მოზომილად და კარგად აწონილი დოზებით წარმოდგენილი ქვეყნის ისტორიის ორივე პერიოდის მრავალმხრივობით გამორჩეული მოვლენები, პროცესები. ბევრი მათგანი თქვენეული პრინციპულობით ახსნილია და შეფასებულიც. ვიზიარებ წიგნის პათოსს, ავტორისეულ ხედვებს, „უხილავი პროცესების“ თქვენეული ახსნის ლოგიკას. ღირსეულად წარმოადგინეთ ჩვენი თაობა, რომლის როლის იგნორირებას ამაოდ ცდილობენ შინაური და განსაკუთრებით გარეული „მოყვრები“ და „მეგობრები“.

 

წიგნის ცალკეული ნაწილის კითხვისას ცრემლიც მომადგა, სიამაყეც ვიგრძენი, ძნელბედობის ჟამს ქართველი კაცის მიერ დროებით გაფანტული სიბრძნის გამოც სინანულიც გამოვხატე, მასშტაბური სტრატეგიული ხედვების გამო აღფრთოვანებაც მომეძალა. ერთი სიტყვით, წიგნმა სამშობლოს ორი განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ავკარგიანობაც გვიჩვენა და ოპტიმიზმის მყარი საფუძველიც (ფონი) შეუქმნა მკითხველს.

 

თქვენი, როგორც ავტორის ხელწერაში კარგად იგრძნობა დროის ქერქში ჩახედვის უნარი, კრიტიკული სიტუაციების ზომიერად ანალიზისა და შეფასების მანერა, პროცესების ქრონოლოგიური ასპექტების სიღრმისეული ხედვა, რაც მთავარია და აღფრთოვანებას იწვევს ამბიციებისა და ემოციების ნაზავის ზომიერად (კაცურად) შეკვრის მცდელობა. ეს თვისება 90-წლიანი ბობოქარი ცხოვრების ქარტეხილებში გამოვლილი კაცის ღირსებას ძლიერ ამშვენებს.

 

ანზორ ბურჯანაძეს, რომელიც ამბობს „ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრე არის, ჩემი ტაძარიც და ჩემი სამყაროც“ - მუდმივად აქვს ადგილი ცივილიზებულ საზოგადოებაში.

 

წიგნზე ბევრია სათქმელი, შესაბამისი ფორმაც და გეოგრაფიული ლოკაციაც უნდა შეირჩეს.

 

ჩემი დაკვირვებით, სოფელ ორბელშიც უნდა შედგეს წიგნის წარდგენა. ამით სათავე დაედება კარგ ტრადიციას: ნებისმიერი ქართველი დამსახურებისამებრ წარდგეს საკუთარი „ოდაბადეს“ წინაშე, ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა.

 

დღეს ჩვენს საზოგადოებას ეს ჰაერივით სჭირდება.

 

ბატონი ანზორი ჩვენ წინაშე ფხიზლად, მისთვის ჩვეული სიამაყით თავაწეული, შუბლგახსნილი დგას ათეული წლების განმავლობაში მის მიერ მყარად ნაგებ კვარცხლბეკზე, როგორც მონუმენტური ფიგურა და დინჯად, ფოლადივით ჟღერადი ხმით მადლობას უხდის სტუმრებს. ამასთან ანგარიშს აბარებს ქვეყანას, შეკრების მონაწილეებს, ძირძველ ტრადიციებზე შექმნილ სახელოვან ოჯახს, საამაყო და საიმედო შთამომავლობას, მეგობრებს და გეოგრაფიული სივრცის იმ წერტილს, კოლხეთში „ოდაბადეს“ რომ ეძახიან, სოფელ ორბელს, სადაც დაიბადა, ფეხიც აიდგა და ენაც, შეიგრძნო მაგიური მშობლიური მიწა-წყლის ძალაც და სურნელებაც.

 

60 წელი მაკავშირებს ბატონ ანზორთან, ეს საკმარისი დროა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება მქონდეს ადამიანზე, რომელთანაც ერთად ვმუშაობდით ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, ერთობლივი ძალისხმევით ვემსახურებოდით ქვეყნის აღმშენებლობას.

 

ჩემი მეხსიერება ბევრ ინფორმაციას იტევს, მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა თქმის (აზრების გადმოცემის) მისაღები ფორმის განსაზღვრაც. მოვერიდები იმ სიტყვების, სურვილების, შეფასებების განმეორებას, რომლებიც სხვადასხვა დროს (სიტუაციაში) მის შესახებ გამომითქვამს, გამომიხატავს. ამიტომ 90 წლის მეგობარზე მხოლოდ ზოგადი მიდგომებით ვამბობ ჩემს სათქმელს.

 

იგი ლიდერად დაიბადა. განვლილ გზაზე ყველგან და ყოველთვის ლიდერის პოზიციაზე იდგა. ბატონი ანზორი ნიჭიერი ქართველი კაცის ტიპური განსახიერებაა. მოგეხსენებათ, ნიჭს „ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა, რადგან მარტო ნიჭი არის ძალა ბრმა, უსინათლო“ (ილია). გაუწვრთნელი ნიჭი დიდი რისკების ცვალებად საფრთხეებთანაც პირისპირ დააყენებს მის პატრონს და სწორედ აქ და ამ დროს ნიჭის „გაქცევისთვის“ ხელსაყრელი პაუზა დგება.

 

ბატონმა ანზორმა განგებისგან ბოძებულ ნიჭს დროულად და „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ მოქმედების საზღვრებიც მიუჩინა და სრულად ქვეყნის სამსახურში ჩააყენა. ესაა მისი პიროვნულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში შთამბეჭდავი წარმატებების განმსაზღვრელი პირობა. ეს საქვეყნო მაგალითია. საბედნიეროდ, ჩემ თვალსაწიერში ბატონი ანზორის მსგავსად საკმაოდ არიან ასეთი მამულიშვილები, მადლობა მათ!

 

უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების ფონზე მკაფიოდ გამოიკვეთა ბატონ ანზორის ფენომენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება _ ღირსება.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გარდაქმნათა დაწყების რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და სამშობლოს პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვება-დამკვიდრებისთვის ყველაფერი, რაც მასზე იყო დამოკიდებული, სანიმუშოდ გააკეთა. ძნელბედობის ჟამს ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვანძო სფეროებს უნარიანად ხელმძღვანელობდა და დროით განსაზღვრული მკაცრი გამოცდა ღირსეულად ჩააბარა. ჩემი აზრით, სწორედ მან დამაჯერებელი პასუხი გასცა კითხვას თანამედროვე პირობებში ვინ იმსახურებს ჭეშმარიტი მამულიშვილის ყველაზე საპატიო სტატუსს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბატონი ანზორი სამშობლოს ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პოლიტიკურ ეპოქას თანაბრად ეკუთვნის. ორივეში ერთადერთი პოზიციით, ერთნაირი გულისძგერით, პასუხისმგებლობით და შეუპოვრობით ემსახურა (ემსახურება) დედა სამშობლოს. ეს მაგალითია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც წარსულში მხოლოდ მანკიერებას ხედავს, ნიჰილიზმის სულისკვეთებას ნერგავს და ამით ცდილობს ახალი დროის მოთხოვნებთან ადვილად შეძლოს ადაპტირება. ისინი ყოველთვის კლასიკური მედროვენი იყვნენ და ასეთად დარჩნენ.

 

დაბოლოს, ერთი განსაკუთრებული შტრიხი, რომელიც ამშვენებს 90 წლის მეგობარს. ქართული გაგებით კაცობის (როგორც ფენომენის) იერარქიულ სქემაში ანზორ ბურჯანაძემ ზოგად კაცად ფორმირების ყველა საფეხური დროსთან ჭიდილში წარმატებით განვლო და შექმნა ოჯახის კაცის, გვარის კაცის, თემის კაცის, ერის კაცის და ზოგადკაცის სანიმუშო მაგალითი.

 

ვამაყობ იმით, რომ ბატონი ანზორი ზოგადკაცის სანიმუშო სახედ ჩამოყალიბდა. ეს ეროვნული ფენომენის ლოგიკით ადამიანის წარმატებების მწვერვალად ითვლება. ამისთვის უკიდეგანო (კოლხეთში „უხურგეს“ ეძახიან). მადლობა, ჩემო ანზორ!

 

რას ვუსურვებ?

ამ შემთხვევაში თამამად დავესესხები ბრძენი კაცის სიტყვების ფორმას და შინაარსსაც და ასე ვიტყვი:

 

ჩემო ანზორ!

თქვენს განუწყვეტელ ჯანმრთელობას, სიამოვნებით ცხოვრებას შევთხოვ მმართველ ზენაარსს, რომელმაც გაგაჩინათ და მოგცათ მამულიშვილის სისხლი ჩვენი სამშობლოს სასიკეთო საქმეების საკეთებლად.

 

ბატონი ანზორ ბურჯანაძის მეგობრები ვამაყობთ, რომ მისი თანამედროვენი ვართ.

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნოდარ ჭითანავა

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner